სასამართლომ ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებულ ლაშა ცუცქირიძეს, რომლებმაც დღეს გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს, 600-600 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მხოლოდ 166-ე მუხლის დარღვევისთვის სცნო დამნაშავედ, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. რაც შეეხება 173-ე მუხლს – კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ბრალდება მათ მოეხსნათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გენერალურ პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს. ინციდენტის დროს მასთან ერთად დააკავეს ლაშა ცუცქირიძეც.