პარლამენტის კავკასიის და დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ უმრავლესობიდან გავიდა, დღეს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდანაც გადადგა. თუმცა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მისი გადაყენება უშედეგოდ სცადა.
პარლამენტის სხდომაზე დღეს ხმაურიანი დისკუსია მოჰყვა უმრავლესობის სურვილს ყოფილი თანაგუნდელი თანამდებობიდან გადაეყენებინათ. ამის გამო ოცნების გუნდმა ყოფილი თანაგუნდელების და დანარჩენი ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა. დებატების შემდეგ კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი კენჭისყრაზე დააყენეს, თუმცა მის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67 –მა დეპუტატმა დაუჭირა, როცა საკითხის გასატანად 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
ამის შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი თავად დატოვა და ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.როგორც დეპუტატმა ამბობს, განცხადების წარდგენას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ის დღეს აპირებდა, თუმცა, განმეორებით გამართულ ბიუროს სხდომაზე არ მიიწვიეს.
„როდესაც ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა, მე გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ გადავწყვიტე დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს. მე რომ ბიუროზე მიმეღო მონაწილეობა, დაგხვდებოდათ ჩემი ხელმოწერილი განცხადება. შემიძლია ეს განცხადება ახლავე გადმოგცეთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც თქვენი სინდისით დღეს იხელმძღვანელეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს. ჩემი მხრიდან საკითხი მოხსნილია და ჩათვალეთ, რომ ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან“ – განაცხადა კვაჭანტირაძემ. კვაჭანტირაძის ადგილს ქართული ოცნების წევრი ბექა ოდიშარია დაიკავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქართული ოცნების გუშინდელ შეკრებაზე მიიღეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.