პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლები დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილებს მხატვარმა გია ბუღაძემ მიმართა.
ბუღაძის თქმით, რუსეთი ცდილობდა, რომ ქართველები დაემცირებინა – „ზვიადის სავარძელში ჩაგვისვეს КГБ-ის თანამშრომელი“.
გია ბუღაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილიც ქართველების დამცირებას ცდილობს. მისი შეფასებით, ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, რადგან არ შეუძლია, რომ ხელისუფლება დათმოს.
„რა ვერ გათვალა ბიძინამ და მისმა დამქაშებმა, მისმა უფროსებმა ჩრდილოეთში. მათ იფიქრეს, რომ იგივე სქემაა ქართული მოდელი, ეს არის მიჩვეული განცხრომით ცხოვრებას, შეუქმნის სასათბურე, მაგრამ მახინჯ, დამჩაგვრელ მდგომარეობას და ის ამას გაჰყვება. გამოუშვა ამდენი აგენტურა ე.წ. ტურისტების სახით, ტკბილი გადაცემები საქართველოზე და იფიქრა, რომ ჩვენ ამით მოგვთაფლა, მაგრამ ნურას უკაცრავად! აღმოჩნდა, რომ ქართველები მასე არ ფიქრობენ. მათ მთავარი გამოეპარათ, რომ ქართველი მომავალზე ორიენტირებული ადამიანია, იმიტომ, რომ მხოლოდ მაშინ არის სახელმწიფო სახელმწიფო, რომელიც გეგმავს მომავალს,“ – განაცხადა გია ბუღაძემ.