დღეს, 00:00 საათიდან საგანგებო მდომარეობა გაუქმდა.რა შეზღუდვები მოიხსნა და რა დარჩა ძალაში

23 მაისის ღამის თორმეტი საათიდან უქმდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, თუმცა ძალაში რჩება გარკვეული შეზღუდვები. ნახეთ რისი უფლება გაქვს დღეიდან და რა გეკრძალებათ:

  1. 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის ვაჭრობის ობიექტებში. ასევე, კვლავ სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. ასევე, საკარანტინო ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

2.  უქმდება 3 კაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და რჩება მხოლოდ ტაქსის მომსახურების შემთხვევაში. აგრეთვე, ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება გამოიყენოს პირბადე.

3. ასევე, უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ, ვინაიდან ისინი არიან მაღალი რისკის კატეგორიის ჯგუფში, მთავრობა მიმართავს რეკომენდაციით, უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ ქუჩაში და დარჩნენ სახლში.

4.  რომ საგანგებო მდგომარეობასთან ერთად იხსნება შეზღუდვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შეკრებასა და მანიფესტაციაზე.

5. ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, კონკრეტულად, საუბარია იმ პროდუქციაზეა, რომელიც აუცილებელია Covid-19-თან ბრძოლისთვის.

23 მაისის შემდეგაც კვლავ ძალაშია შემდეგი შეზღუდვები: რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება; ასევე, ამ ეტაპზე სასტუმროების ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა. ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა – გარდა ონლაინ ვაჭრობისა; ასევე, შეზღუდული რჩება ე. წ. მოლების და ბაზრობების ფუნქციონირება (გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ); ასევე, სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ასეთი ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება, გარდა ელექტრონული ფორმისა. ასევე, ზოგიერთი სახელმწიფო სერვისი კვლავ განხორციელდება დისტანციურად.

ძალაში რჩება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა – ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ.

ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც საქმიანობას აგრძელებს, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც წარმოდგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო სურსათის წარმოებისას სავალდებულოა – სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.

შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე. ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით, იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, და გადაწყვეტილებებს მიიღებს  ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.