მთავრობა მაჩანჩალაა, ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა – ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავრობას დათვლილი უნდა ჰქონდეს, რა დაჯდება მოსახლეობის სრული ვაქცინაცია და მეორე მხრივ, რა ჯდება  „ლოკდაუნი“ და ეკონომიკის გაჩერება.

მისი თქმით, ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა, რადგან მთავრობა ამ პროცესშიც “მაჩანჩალაა”.

„ფაქტია, რომ ვაქცინის შემოტანა უნდა ყოფილიყო უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ფასის მიუხედავად და უკვე უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი.

მით უმეტეს, რომ მიღებული დახმარება და აღებული ვალები ბევრად აღემატება იმ თანხას, რისი გადახდაც სრული ვაქცინაციისთვის არის საჭირო. ამით უფრო სწრაფად ავამუშავებდით ეკონომიკას, შევაჩერებდით ბიზნესების გაკოტრებას, ადამიანების უმუშევრად დატოვებას. გაცილებით სწრაფად გავხსნიდით ქვეყანას ტურიზმისა და ინვესტორებისთვის. ვფიქრობ, სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად, ეს მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებდა. სამწუხაროა, რომ ისევე, როგორც ბევრ სხვა საქმეში, საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც მაჩანჩალაა“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.