რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება. სპეციალისტების რჩევა

რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება? ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ამ კითხვაზე პასუხად აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ბოლო რეკომენდაცია მოჰყავს, რომლის თანახმად, თავშეყრის ადგილებში (განსაკუთრებით მაღაზიებსა და აფთიაქებში) უნდა გამოიყენებოდეს ნიღბები, თუმცა ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე და იმ ადამიანებზე, რომელთაც სუნთქვის გაძნელება აქვთ. ეს განსაკუთრებით ხაზგასმით არის ნათქვამი ქსოვილისგან დამზადებული პირბადეების შესახებ. ამის მიზეზებია:

– ბავშვებს ნიღბით უფრო მეტად უჭირთ სუნთქვა, ვიდრე მოზრდილებს
– ბავშვს სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში თავისით არ შეუძლია ნიღბის მოხსნა და ეს შეიძლება მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს
– ბავშვები ხშირად ეხებიან ნიღაბს და ამიტომ ნიღბის სწორად გამოყენება მათთან შეუძლებელია.

ამიტომ, ბუწაშვილის განცხადებით რამდენიმე ექიმმა სოციალური მედიით გააპროტესტა ამაზონზე განთავსებული, 0-3 წლამდე ასაკის ბავშვთა პირბადეების რეკლამა.

“ვრცელდება რამდენიმე პროფილაქტიკური რეკომენდაცია მცირე ასაკის ბავშვებისათვის:
– ეტლით გასეირნებისას სასურველია ეტლს გადავაფაროთ.
(ეს რეკომენდაცია ისედაც არსებობდა ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებში სეირნობისას გამონაბოლქვის ჩასუნთქვის რისკის შესამცირებლად).
– მეძუძურმა დედებმა სასუნთქი გზების დაავადების თუნდაც მცირედ გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ პირბადე ბავშვის კვებისას.
– გარედან სახლში შემოსვლისას ჯერ მოზრდილმა უნდა დაიბანოს ხელი და შემდეგ დაბანოს ბავშვს.“– ამბობს მაია ბუწაშვილი.