საპატრიარქომ 2002-2019 წლებში ბიუჯეტიდან 276 მლნ ლარი მიიღო – TDI

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ გარდა ბიუჯეტური დაფინანსებისა, თვითმართველი თემები და ქალაქები საპატრიარქოს ყოველწლიურად დაახლოებით 4-5 მლნ ლარის “მატერიალურ სიკეთეს” გადასცემენ.

TDI-ს ანგარიშის მიხედვით, 2009 წლიდან 2013-მდე ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები 22-დან 27 მილიონამდე მერყეობდა, ხოლო 2013 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი საპატრიარქოს დაფინანსებისათვის სტაბილურად 25 მილიონს ითვალისწინებს. მათივე ინფორმაცით, 2018 წელს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან გამოეყო 25  535  400 მლნ, ხოლო 2019 და 2020 წლისთვის ბიუჯეტში კვლავ 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საპატრიაქრო სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს იღებს და დღემდე მათ 64 კვ. კმ–მდე ფართობის ქონება გადაეცათ.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.

“მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული მატერიალური სიკეთე უმრავლეს შემთხვევაში რელიგიური საქმიანობისა და მიზნებისთვის გამოიყენება და შესაბამისად, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს”, – წერს TDI.

ცნობისთვის, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ 25 მლნ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა და ისინი ,,ვალებში იხრჩობიან”.