შეთანხმება პოლიტპატიმრებზე- რა წერია ხელისუფლებისა და ოპოზიციის მემორანდუმში

დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ორი მემორანდუმი გაფორმდა. ერთი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მეორე მართლსაჯულების საკითხზე.

მხარეების ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ:

,,ჩვენ, ხელმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში, რათა უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ჩვენ ვთანხდებით, რომ მნიშვნელოვანია, ვისწრაფოდეთ უმაღლესი სტანდარტებისკენ ქართული მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში.

განსხვავებების მიუხედავად, ყველანი ვთანხმდებით, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”- წერია განცხადებაში.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მემორანდუმის მიხედვით, საპატიმროს დატოვებენ პოლიტიკური პატიმრები და შეწყდება პოლიტიკური დევნა.

,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ,,ყველა პოლიტპატიმარი გამოვა ციხიდან და პოლიტიკური ნიშნით დევნის ყველა საქმე შეწყდება. იქნება ეს მელიას საქმე, გვარამიას საქმე, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე და ა.შ. ეს ყველაფერი არის შეთანხმების ნაწილი”.

,,ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერიას განმარტებით, ,,ის პირები, ვინც დღეს არიან დაკავებულები – გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, რურუა, თამლიანი, ჩვენ მათ მივიჩნევთ პოლიტიკურ პატიმრებად, მთავრობა არ მიიჩნევს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის ამ შეფასებას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შედეგს”.

ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ,,პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, სახელწოდებებზე ვერ შევთანხმდეთ, თვლის თუ არა ხელისუფლება მათ პოლიტპატიმრად, მაგრამ ისინი უნდა გათავისუფლდნენ და ამის კონკრეტულ მექანიზმზე იყო საუბარი და ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს.

როგორ შეიძლება ეს მოხდეს: მაგალითად, შეუძლება იყოს პროკურატურის შუამდგომლობა, ან სხვა მექანიზმი, რომ აღკვეთი ღონისძიება შეეცვალოს თამლიანს, ოქრუაშვილისა და რურუას, ხოლო, მეორე მხრივ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეწყალების მექანიზმი. როგორც ვხვდები პრეზიდენტის მზაობა აქ გვაქვს”- ამბობს ვაშაძე.

მემორანდუმს განსხვავებულად განმარტავენ ,,ქართულ ოცნებაში”. ირაკლი კობახიძის თქმით, მემორანდუმში შეთანხმება უაღრესად ზოგადი სახისაა. გვარები, სახელები და დანაშაულის კატეგორიები არ არის ასახული. მისი თქმით, მმართველი გუნდი ეთანხმება ,,იმ სულისკვეთებას, რომ არავითარი პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს არცერთი ორგანოს მუშაობაში”, თუმცა კობახიძე უარყოფს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ,,პოლიტიკური პატიმარი – ასეთი ჩანაწერი შეთანხმებაში არ არსებობს”. მისი განცხადებით ,,არსებობს ჩანაწერი, რომ მართლმსაჯულება არ უნდა გახდეს რომელიმე მხარის მხრიდან პოლიტიკური მოტივებისთვის გამოყენებული”. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით ბოლომდე შეასრულებს.