სამთავრობო ტელევიზია, “იმედი” განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ ისინი ოპოზიციის საარჩევნო ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებენ, სანამ “მთავარი”, ”ტვ პირველი” და ”ფორმულა” არ გაუშვებენ ”ოცნების” ვიდეოს.
”როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მედიასაშუალებები, „მთავარი“, “ტვ პირველი”და „ფორმულა“ აგრძელებენ საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. ისინი, მოგონილი არგუმენტებით, უარს ამბობენ თავიანთ ეთერებში განათავსონ კანონის მოთხოვნების დაცვით მომზადებული ვიდეორგოლები. ამ ვიდეორგოლების განთავსებას მათ კანონი პირდაპირ ავალდებულებს, რაც ასევე დადასტურებულია კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მათ საჯარო განცხადებებიც გააკეთეს და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ამტკიცებენ, თითქოს ომის საწინააღმდეგო ვიდეორგოლი ომის პროპაგანდაა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, „თავისუფალი მედიის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს…“.
მიუხედავად იმისა, რომ „ტელეიმედს“ აქვს მკაფიოდ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა – არ დაუშვას “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება ხელისუფლებაში, რაც ქვეყანას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, ჩვენ დღემდე ვუშვებდით მათ მიერ მოწოდებულ ვიდეორგოლებს. ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტილების საფუძველი რეკლამების განთავსების თუ მის განთავსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით – ყველა მაუწყებელი ვალდებულია გამორიცხოს დისკრიმინაციული მიდგომა და თავისი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოს კონკურენტული საარჩევნო გარემო ქვეყანაში, რაც დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
სწორედ აქედან გამომდინარე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ნაციონალური მოძრაობის მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დისბალანსი (რეიტინგების, მათ მიერ რეკლამის გაუშვებლობით გაცდენილი საათების და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით) და უზრუნველყოფილი არ იქნება კონკურენტული საარჩევნო გარემო ამ მიმართულებით, ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს.” – ნათქვამია განცხადებაში.