“საპატრიარქოს განცხადება საფრთხის შემცველია “- ასე ეხმაურება, თანასწორობის მოძრაობა საპატრიარქოს განცხადებას და შსს-ს ღირსების მარშის მონაწილეების დაცვისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს მიერ გავცელებული განცხადება, მოქალაქეებს ღონისძიების მონაწილეების წინააღმდეგ მობილიზებას ირიბად მოუწოდებს.
“მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს “სოლიდარობის მარშში” მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისაკენ. განცხადების თანახმად, 5 ივლისს მშვიდობიანი პარაკლისის გადახდა იგეგმება, მაგრამ 2013 წლის 17 მაისის შემდგომი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ შეკრებებს ძალადობრივი და ჰომოფობური ჯგუფები ხშირად თემის წევრებზე თავდასხმისთვის იყენებენ.
“თანასწორობის მოძრაობისთვის”, როგორც სათემო ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანი და უპირატესია ლგბტქი თემის წევრების, აგრეთვე, ღონისძიებაში მონაწილე სხვა პირების უსაფრთხოების საკითხი.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
– დაიცვას შეკრებაში მონაწილე თითოეული ადამიანის უსაფრთხოება;
– ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებული შესაძლო სამართალდარღვევის აღსაკვეთად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროპორციული საშუალებები”,- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისაგან.
“მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს:
-საჯარო განცხადებების გაკეთებისას იხელმძღვანელონ ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით;
– თავი შეიკავომ დისკრიმინაციული განცხადებებისა და ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზებისაგან”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.