კომპანია ფეისბუქი იმ პუბლიკაციების და რეკლამის განთავსების წესებს ცვლის, რომლებიც სიძულვილს ან ძალადობისკენ მოწოდებას შეიცავენ. თუ ადრე ეს წესები ე.წ. “სოციალურად მნიშვნელოვან“ კონტენს, მაგალითად მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების მესიჯებს ეხებოდა, ახლა მოთხოვნა ყველასთვის ერთნაირი იქნება.
კომპანიის ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი ამბობს:
“ ჩვენ შემოგვაქვს ახალი წესები, რომლებიც სიძულვილის შემცველი კონტენტის ფართო სპექტს კრძალავს რეკლამაში. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყებთ შეტყობინებების მარკირებას, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენენ, თუმცა ამავე დროს ჩვენს წესებს არღვევენ“.
მანამდე ერთდროულად რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ ფეისბუქს ბოიკოტი გამოუცხადა და უარი თქვა სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსებაზე პროტესტის ნიშნად “ძალადობასთან, რასიზმთან და სიძულვილთან დაკავშირებული პუბლიკაციების გამო“, ფეისბუქის ზოგიერთმა თანამშრომელმა კი ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გაფიცვის მოაწყო მას შემდეგ, რაც ცუკერბერგმა უარი თქვა დონალდ ტრამპის პოსტი ცენზურისთვის დაექვემდებარებინა.