ყაზახი გოგო ორჯერ გააუპატიურეს – 26 წლის ყაზახი გოგოს, ასელ აიტპაევას სიძეს, მურად მეირბეკევს, გაუპატიურების საქმეზე ბრალი დაუსწრებლად, წარუდგინეს ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ორჯერ დაამყარა.
„მ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ასევე, ა.ა.-ს გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, 2021 წლის 7 მაისს, ბრალი წარედგინა ბ.თ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.