აშშ-ს საელჩოს განცხადება არასწორი და არასამართლიანია – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება აშშ-ს საელჩოს მწვავე კრიტიკას ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საელჩომ “არასამართლიანი და არასწორი შეფასებები” გააკეთა.

“სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი, ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია, თუმცა საზოგადოებისთვის ეს არ არის არც ახსნა და არც გამართლება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოების სათანადო ინფორმაცია მოვახდინოთ”,– აცხადებს კობახიძე.

მისივე შეფასებით, განცხადებაში არაერთი უზუსტობაა, მათ შორის “ფაქტობრივი და ტექნიკური შეცდომები”

“აშკარად არის ადამიანური შეცდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ხარვეზები განცხადებაში არ გაიპარებოდა. შეიძლება იყოს თანამშრომლების მხრიდან არასწორად მიწოდებული ინფორმაცია და ა.შ., ამაში ჩვენ ვერ შევალთ. მთავარია, რომ არასამართლიანი და არასწორი განცხადება გაკეთდა და უნდა ვუპასუხოთ სათანადო ინფორმირებით”,– თქვა კობახიძემ.

აშშ-ს საელჩომ გუშინ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება ძირს უთხრის მთავრობის ანგარიშვალდებულებას”.