დათა პაპა დაკრძალეს – ადგილზე არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არ ჩასულა

ფოტო : ნინო კოდალაშვილი

ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა (ვანიშვილი) რამდენიმე წუთის წინ დაკრძალეს. ადგილზე, დათა პაპას ნათესავები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები, თუმცა მათ შორის არ ყოფილა არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. შეკრებილ მოქალაქეებს, კი ოჯახისთვის პირადად მისამძიმრების საშუალება არ მიეცათ. მათ მავთულხლართების მიღმა, დათა ვანიშვილისთვის, პატივის მისაგებად, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

საოკუპაციო რეჟიმმა თავდაპირველად განაცხადა, რომ დათა პაპას, ნათესავებისთვის გამონაკლისს დაუშვებდა და მათ საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის უფლებას მისცემდა, თუმცა უფლება მხოლოდ 10-მდე ნათესავს მისცეს.

„სახლი არ დატოვო, არ წაგვართვან,არსად წახვიდე, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგეხმარებიან“ – დაუბარა დათა პაპამ მეუღლეს ანდერძად.

დათა ვანიშვილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2012 წელს მოჰყვა, სახლის წინ მას,  მავთულხლართები აღუმართეს,თუმცა მან სახლის დატოვებაზე უარი თქვა და მავთულხლართებს მიღმა მეუღლესთან ერთად დარჩა.სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, დარჩენილი მიწის ნაკვეთი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ის ხშირად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას აწვდიდა მედიასაც. დათა ვანიშვილი ოკუპანტებმა ამის გამო ის არაერთხელ დააკავეს. დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, ის 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა.

დათა ვანიშვილის დაკრძალვის კადრებს, რომლებიც მავთუხლართებიდანაა გადაღებული, ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.