თუ სასამართლო სისტემაში პროგრესი არ იქნება, ინვესტორები ფულს სხვა ქვეყანაში ჩადებენ – დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა დღეს ვირტუალური პრესკონფერენცია გამართა.

დეგნანმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს სასამართლო სისტემაში პროგრესი არ იქნება, ინვესტორები ფულს სხვა ქვეყნებში ჩადებენ, ამიტომ, მნიშვნელოვანია ქვეყანამ შექმნას დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო.

“ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. საქართველოში არის მრავალი პროფესიონალი იურისტი – ადვოკატები, პროკურორები და სხვები. მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა დაკავდნენ საკუთარი პროფესიით ისე, რომ მათ საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს შექმნას დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო სისტემა. ამ მხრივ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება.

ამ მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის. ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ ხელმოწერილი კონტრაქტები აღსრულდება, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებები კი სამართლიანი და დროული იქნება. შესაბამისად, თუ არ გადაიდგა ამ მხრივ ნაბიჯები ინვესტორები საკუთარ ფულს სხვა ქვეყანაში ჩადებენ,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

მან საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ ამ მიმართულებით აშშ-ში ინტერესი საკმაოდ დიდია და თემის განხილვის შესაძლებლობა არსებობს.

“თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა შესაძლებლობა, ცხადია, რომ ინტერესი ამ მიმართულებით საკმაოდ დიდია, თუმცა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთი სავაჭრო მოლაპარაკებები, რომელიც უკვე დაწყებულია და ალბათ, ეს არის პრიორიტეტული, თუმცა თემის განხილვის შესაძლებლობლობა აშშ-ში არსებობს”, — განაცხადა კელი დეგნანმა.