ივანიშვილს შეფერხებები შეექმნა ვერტმფრენისა და ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაშიც – ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ივანიშვილის მხრიდან Credit Suisse-თან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში “რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა”.

“საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია „კრედიტ სუისთან“ არავითარ კავშირშია. კერძოდ, ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით.

ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა”,– აცხადებს ადვოკატი.

ყიფიანის განმარტებით, ივანიშვილის პოზიციაა, რომ „კრედიტ სუისთან“ ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას და ამ მიზნით “პროგრესიც უკვე თვალშისაცემია”.

“ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია; აგრეთვე, წარმატების ყველა პირობა არსებობს ამა წლის სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც. თუმცა, ბერმუდასა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა.

მეტიც, დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა, ხოლო ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლებისგან საბანკო ჯგუფის ტრასტზე გასული ბოლოდროინდელი კორესპონდენცია რამდენიმე კვირა პასუხგაუცემელი იყო. მეტიც, ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი. სწორედ რომ ტრასტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისის“ ტრასტის მიმართ უკვე მორიგი, ამჯერად გერნსის იურისდიქციაში, სარჩელის შეტანა.

აქვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავშირის არქონა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ ხსენებულ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის: თუკი პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ბატონმა ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება”,– ვკითხულობთ ოლიგარქის ადვოკატის განცხადებაში.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი წამოჭრილი საკითხები დამატებით, სამართლის ნორმების მიღმა შეფასებას და კომენტარს მოითხოვს, ამას ივანიშვილი თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქართველო მეტად რთული გეოპოლიტიკური პროცესების გზაჯვარედინზე მოექცა – “სახეზეა არაერთი გამოწვევა, რაც ქვეყნის სტაბილურ და პროგნოზირებად განვითარებას რეალურ საფრთხეს უქმნის”, თუმცა, ყიფიანის მტკიცებით, ქვეყნის ეროვნულ ინტერესების მხრივ ივანიშვილის “პოზიციასა და დამოკიდებულებაში ოდნავი ეჭვის შეტანაც კი აბსოლუტურად უსაფუძვლოა“.