ინფექციურმა საავადმყოფომ მთავარ არხს ბოიკოტი გამოუცხადა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიასთან ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი არ გააკეთა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ბოიკოტს უცხადებს ტელეკომპანია „მთავარ არხს” და იმ შემთხვევაში, თუ „მთავარი არხი” იქნება ბრიფინგზე, კომენტარი არ გაკეთდება.

“მთავარ არხზე” გასული შეკვეთილი სიუჟეტის დროს გაცხადებული ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციის გამო ბოიკოტს ვუცხადებთ “მთავარ არხს”, დატოვოს საბრიფინგო სივრცე”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მთავრ არხზე გასული სიუჟეტში საუბარია ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ მძიმე სანიტარულ მდგომარეობაზე. ამის შესახებ ტელეკომპანიას პაციენტების ახლობლებმა განუცხადეს. “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სახელმწიფო კლინიკის ამ ქმედებას “გამაოგნებელს” უწოდებს და ამბობს, რომ თუ ინფექციურ საავადმყოფოს პრეტენზია ჰქონდა სიუჟეტში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მაშინ ამაზე საპასუხო განცხადებით უნდა ეპასუხა:

“გამაოგნებელი ამბავი იყო ჩვენთვის როდესაც ეს კომენტარი მოვისმინეთ. არხზე გავიდა ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის მიერ გადაღებული ფოტოები  იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც ამ განყოფილებაში იყო. ასევე თან ახლდა ამ პციენტის ნათესავის ინტერვიუ, რომელსაც ეს ფოტოები გაუგზავნა. ჩვენ მოვყევით ფაქტი. იმის მაგივრად რომ კომენტარი გაეკეთებინათ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ამის ნაცვლად თქვეს, რომ ვიდრე “მთავარი არხი” იქნება, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის გავცელებას საერთოდ შეწყვეტენ. წარმოუდგენელი ამბავია. ტელევიზია რომელიც ფაქტზე ყვება და შენ რევიზიას ახდენ და თან ბოიკოტს აცხადებ… სად წერია საერთოდ ვერ ვხვდები. მართლა წარმოუდგენელი ამბავი ხდება, ასეთი რამ პირველად გავიგე,”-ამბობს მელაძე.