იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მას შიმშილობის შეწყვეტა მოთხოვა

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა. განცხადება მან ფეისბუქით გაავრცელა:

“სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა
საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე თარიღში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.

სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა.

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე.“– წერს რატი ბრეგაძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა. სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამ მოწოდებით აღიარებს ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს.

სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს ამჟამინდელი მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით, ამ წუთისთვის ციხის მე-18 დაწესებულებაში.

ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა, ციხეშიც და ზოგადადაც და ასევე შეახსენა ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა მისი ადეკვატური, რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი.

ასევე, ჩვენ დაგვევალა, რომ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორც ჯანმრთელობის, ისე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

24 ნოემბერს, კიდევ ერთხელ, ეს ინფორმაცია შეჯერდება და მაღალი ალბათობით, კვლავ იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება.

საქმე არის პრიორიტეტული და აქვე სასამართლო ახსენებს საქართველოს სახელმწიფოს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა, არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად.

ჩვენ მოხარული ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, საერთაშორისოდ აღიარებულია და ამ სპეკულაციებს, იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება შეეშვება დღეიდან.

მეორე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილის, ერთი მხრივ, შიმშილობის შეწყვეტის პლატფორმა გაჩნდა, თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, უსაფრთხოებისა და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა, როგორც ციხეში, ასევე ზოგადად. იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის აღსრულებისა არ იქნება ციხეში და ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის, სახელმწიფო დაარღვევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რამეთუ ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილებით დადგენილი მაღალი ხარისხის მკურნლობის და უსაფრთხოების სტანდარტებს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.