ლელო საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პლენარულ სხდომების მუშაობაში მონაწილეობას უბრუნდება.

ანა ნაცვლიშვილი IPN-თან საუბრისას განმარტავს, რომ ფრაქციას ბოიკოტი სააკაშვილის ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებამდე ჰქონდა გამოცხადებული და მას შემდეგ, რაც ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვეულ საპარლამენტო ცხოვრებას დაბრუნებოდნენ.

„პარტია გააგრძელებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, რაც მდგომარეობს ბევრი აქტუალური თემის ირგვლივ მუშაობაში. მათ შორის, პროპორციული არჩევნების მიღწევის საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, რაც არასაკმარისი, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიდეთ სამართლიან არჩევნებამდე“, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით,  ხელისუფლება ცდილობს, წარმოაჩინოს თითქოს ოპოზიციას საპარლამენტო დღის წესრიგი არ გააჩნია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

“ქუჩის პროტესტი ჩვენთვის თვითმიზანი არ არის, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის უზრუნველყოფისთვის ეფექტიანი, საჭირო და ადეკვატური იქნება ქუჩის პროტესტი, ესეც არის ლეგიტიმური კანონიერი ფორმა პოლიტიკურ მუშაობაში, თუმცა არა ერთადერთი. ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნება ყველა ინსტრუმენტი, იმის მიხედვით რომელი იქნება ადეკვატური და ეფექტიანი”.- ამბობს ნაცვლიშვილი.