ოკუპირებულ აფხაზეთში “ჯაშუშობის” ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის ქრისტინე თაკალანძე “საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის” ბრალდებით დააკავეს.  ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელი ნაბაკევიდანაა.

ე.წ. უშიშროების სამსახურის მტკიცებით, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები ქრისტინე თაკალანძე, “საქართველოს დაზვერვის დავალებით მოქმედებდა და ქართულ სპეცსამსახურებს სამხედრო და სხვა ტიპის ინფორმაციას გადასცემდა”. დაკავების ე.წ. სპეცოპერაცია 20 ივლისს ჩატარდა.

თაკალანძეს დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური (სუს).

“ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს”. – წერია განცხადებაში.