ონლაინ კაზინოებს გადასახადებს გავუზრდით, შემდეგ ავკრძალავთ – პრემიერი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აპირებენ ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ გადასახადის გაზრდას, შემდეგ კი მის სრულად აკრძალვას.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, აიკრძალება ონლაინ კაზინოების რეკლამა და “25 წლამდე აიწევა ბარიერი”.

“მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინ კაზინოების მეშვეობით. ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოური კომპანიები და ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში.

პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაზრდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები”,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.