ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას – აშშ-ს საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება. საელჩოს განცხადებით, ეს საქმე სამართალწარმოების მიუკერძოებლობას აყენებს ჩრდილქვეშ.

აშშ-ის საელჩო 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერ მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან შეთანხმება.

,,ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”, – წერი საელჩოს განცხადებაში.

ირაკლი ოქრუაშვილი, გუშინ, 13 აპრილს სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 20 ივნისის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

8 მარტს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მართლმსაჯულების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციის განმარტებით, ციხიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ პოლიტპატიმრები. მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი.