პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობდა, ,,ოცნების” ოფისში არაერთხელ მინახავს – ცქიტიშვილი ყანდიაშვილზე

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ კოკა ყანდიაშვილი ,,ქართული ოცნების” ოფისში არაერთხელ უნახავს და ის პარტიულ საქმიანობაში იღებდა მონაწილეობას მედიის მონიტორინგის კუთხით.

ცქიტიშვილის თქმით, არ იცის, ყანდიაშვილი ოფიციალურად იყო თუ არა გაფორმებული სამსახურში, თუმცა ის პარტიის პიარსაქმიანობაში იყო ჩართული, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში.

„ცოტა მიკვირს. არ ვიცი, კოკა ყანდიაშვილი ფორმალურად იყო გაფორმებული და ხელფასს იღებდა თუ არა „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ მე არაერთხელ მინახავს ის და სხვათაშორის 2014 წლიდან, მანამდე ისე აქტიურად არ ვიყავი ჩართული. არ ვიცი ზუსტად რა ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ პარტიის პიარსამსახურში იყო ჩართული მედიის მონიტორინგის კუთხით.  არაერთხელ მინახავს ის პარტიის ოფისში, საარჩევნო პერიოდშიც.

რაც მახსოვს, 2016 წელს ვხედავდი საარჩევნო კამპანიის დროს, ძირითადად პარტიის ოფისში ვიყავი მაშინ, მე პირადად გადაკვეთა მასთან არ მქონია, მე საერთაშორისო კუთხით ვიყავი, მაგრამ 2015, 2016, 2017, 2018 წლებში მახსოვს, 2019 წელს უფრო საპარლამენტო კუთხით ვიყავი გადართული და არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე,“ – აცხადებს ცქიტიშვილი.

ცნობისთვის, Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ყანდიაშვილს ,,ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს.

მას მისმა კიდევ ერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა და თქვა, რომ კოკა ყანდიაშვილი წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების” ოფისში მუშაობდა და მას ყოველდღე ხედავდა.