კაციშვილმა არ იცის, რატომ აგინებენ ერთმანეთს დედას – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ–ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ის იბრძვის პროპორციული არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერით, რაშიც სხვა ოპოზიციური პარტიების დახმარება სჭირდება.

“ჩვენ მივილტვით იქითკენ, რომ შესრულდეს 20 ივნისის მოთხოვნები. 20 ივნისის მოთხოვნები მდგომარეობდა შემდეგში, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნებისმიერ დონეზე, პარლამენტშიც და ადგილობრივ არჩევნებზეც  პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით, რაც საშუალებას აღარავის აღარ მისცემდა, დაეყენებინა ის მდგომარეობა, რომელიც დადგა 31 ოქტომბერს.

მაგალითად, ალეკოსთვის თუ ცესკო-ს რეფორმირება უკვე საკმარისია, ჩემთვის ეს არის ინსტრუმენტი იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მე მჭირდება. ანუ, ის რაც ალეკოს მოსწონს, არის ჩემთვისაც მოსაწონი, მაგრამ შემადგენელი კომპონენტია იმის, რისთვისაც ვიბრძვი. ამ ბრძოლაში მე მჭირდება სხვა პოლიტიკური პარტიები, გარდა ალეკოსი და ამ ბრძოლაში მე მჭირდება ნაციონალური მოძრაობაც კი”,– ამბობს მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, “ეს უნდა იყოს დისკუსიის, მსჯელობის შედეგად შემდგარი კონსენსუსი და არა ერთმანეთისთვის დედის გინება”.

“რეალურად, ახლა პრობლემა გვაქვს იმაში, რომ კაციშვილმა არ იცის ვინ, რატომ აგინებს ერთანეთს დედას”,– აღნიშნავს მეგრელიშვილი.

მისმა თანაგუნდელმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტში შევიდნენ და მიზნის მიღწევაში დაეხმარონ.

პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმდებიან და გარანტიებს მიიღებს, ის პარლამენტში შევა.