რა კავშირი აქვს უკრაინის ელჩის გაწვევასთან ენმ-ს, კობახიძის აზრით

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა “გაუმართლებელთან ერთად სრულიად ალოგიკურია მრავალი მიზეზის გამო”.

მისი განმარტებით, უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის სასარგებლო პოზიცია დააფიქსირეს, ან სანქციების დაწესებაზე უარი თქვეს.

“თუ ელჩის გაწვევის მიზეზი საქართველოს მთავრობის მონაწილეობით უკრაინაში მოხალისეების არგაგზავნა იყო, შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება არაერთმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და სხვა, თუმცა არც ეს გადაწყვეტილება გამხადარა ქვეყნებიდან უკრაინის მიერ ელჩის გაწვევის მიზეზი.

ალოგიკურობის კულმინაციაა ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი დღემდე არ გაუწვევია ბელარუსიდანაც კი, როდესაც რუსეთი ამ ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს. აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ბუნებრივია თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს – ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩაბმულ ქვეყნების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან უერთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ”,– ამბობს კობახიძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ “აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში”, რის კოორდინაციასაც საქართველოდან ნაციონალური მოძრაობა ახორციელებს.

“რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც სააკაშვილმა გუშინ თავადაც თქვა, მისი “დაფრთიანებულია”.

უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა მარტივად შეუძლიათ”,– აცხადებს კობახიძე.