რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ბირთვული იარაღით შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს

ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა, რომლებიც ბირთვული იარაღით არიან აღჭურვილი, შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს კუნძულ გოთლანდის რაიონში, რომელიც ბალტიის ზღვის აკვატორიაში მდებარეობს. ფაქტი 2 მარტს მოხდა, თუმცა ამის შესახებ შვედურმა ტელეარხმა TV4–მა დღეს განაცხადა და ფოტოები გაავრცელა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, 2 მარტს კალინინგრადის რუსული ავიაბაზიდან ოთხი თვითმფრინავი აფრინდა – ორი მოიერიშე Су-24, რომლებსაც ორი Су-27-ის ტიპის გამანადგურებელი ახლდა თან. ეს უკანასკნელი კი ბირთვული იარაღით იყო აღჭურვილი. შვედეთის შეიარაღებული ძალები ინციდენტის დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა შვედეთის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალი, კარლ–იოჰან ედსტრემი ამბობს, რომ ხელისუფლება ამ ქმედებას განიხილავს, როგორც წინასწარ განზრახულს.

“ჩვენ განვიხილავთ ამ ფაქტს, როგორც გაცნობიერებულ ქმედებას. ეს ძალიან სერიოზული ფაქტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ  რუსეთი ომში ჩართული მხარეა. გასაგებია, რომ არ შეიძლება ნავიგაციის გაუმართაობის გამორიცხვაც, მაგრამ ყველაფერი მიუთითებს, რომ საჰაერო საზღვრის დარღვევა წინასწარ განზრახული იყო.“– თქვა ედსტრემმა.

შვედური მედია ამბობს, რომ შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დაახლოებით ერთ წუთს გრძელდებოდა. შვედეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა საქმეში ორი გამანადგურებელი – JAS 39 Gripen ჩართეს, რომლებსაც შეეძლოთ რუსული საფრენი აპარატების ფოტოგადაღება. სწორედ მაშინ დადასტურდა, რომ რუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღით იყვნენ აღჭურვილები.

“ეს იყო სიგნალი შვედეთისთვის, რომ აი, ჩვენ ბირთვული იარაღი გვაქვს და შეგვიძლია მისი გამოყენების შესაძლებლობაც განვიხილოთ“– უთხრა შვედურ ტელეარხს სამხედრო ექსპერტმა სტეფან რინგმა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში შვედეთის სამხედრო–საჰაერო ძალებმა კუნძულ გოთლანდზე სპეციალური ოპერატიული ქვედანაყოფი გადაისროლეს რეგიონში რუსული სამხედრო ძალების გააქტიურების გამო.