ღარიბაშვილი აგვისტოს ომს “ანტისახელმწიფოებრივ პროვოკაციას” უწოდებს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე საუბრისას ყურადღებას კვლავ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს. მისი თქმით, ეს “ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია” იყო.

“აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში დაკანონდა ოკუპაცია. ტერიტორიის 20% არის მითვისებული და ოკუპირებული რუსეთის მიერ. მე აქ გარდაცვლილი ოჯახების წინაშე აღარ მინდა ვილაპარაკო იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება წინა ხელისუფლებას. ამაზე ჩვენ გავაკეთეთ შეფასება და ვერდიქტი უკვე გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არასდროს უნდა გაიმეოროს არცერთმა ხელისუფლებამ. ეს არის ჩვენი ვალი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა”,– თქვა მან მუხათგვერდის სასაფლაოზე.

მანვე აღნიშნა, რომ სჯერა, ქართული ოცნების “მშვიდობიანი” პოლიტიკა ქვეყანას გაამთლიანებს.

“ჩვენი მმართველობის პერიოდი არის გამორჩეული იმითაც, რომ ჩვენს ხალხს და ქვეყანას ავარიდეთ კიდევ უფრო მეტი ესაკალაცია, მეტი სირთულეები და ომი. ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით, მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება”,– თქვა ღარიბაშვილმა.