ჩარკვიანის თქმით, ელისო კილაძის შვილი მის ქმარს ნაჯახით აჩეხვით ემუქრება

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი, დათო ხარშილაძე მის ქმარს “ნაჯახით აჩეხვით” ემუქრება.

დეპუტატის თქმით, თუ ხელისუფლებას “სხივის ხელით მკვლელობა” არ დაუგეგმავს, სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინოს.

“ბატონებო და ქალბატონებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ალბათ ხვდებით, რომ ამ ტიპის სტატუსები “სუს-ის” შეგულიანების და ბანდების შემგულიანებელი ხელისუფლების გარეშე არ იწერება და “იდება”, მუთუმეტეს ოპოზიციაში მყოფი ასეთ სტატუსს “ზურგის” გარეშე ვერ დადებს. ვფიქრობ, საკამათოც არ არის.

ჰოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა – ხელისუფლებავ და მათთან გადაპორტირებულო “ძველო ზონდერებო”, მკვლელობა დაგეგმეთ?! არა? მაშინ რეაგირება სად არის?! როცა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატს – ოჯახს (ნებისმიერს ადამიანს, მაგრამ აქ ესეც საინტერესოა) ნაჯახით აჩეხვით ემუქრებიან!!!!!!!

ანუ “სხვისი” ხელით მკვლელობა, რომ მერე ამ “დუპლეტ ამება-ბიჭს” დაბრალდეს, ეს ამება ბიჭი ხომ ყველამ ვიცით, რომ არავინ არის, პაიკიც კი არ არის. ანუ ვერ გაგვაჩერეთ ოჯახი და მკვლელობა ჩაიფიქრეთ?! არა? მაშინ რეაგირებას, სასწრაფო რეაგირებას ველოდები!!!!!!!”,- წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ზე.

“ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე newsreport.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ არ ესმის, რისთვის ითხოვს ჩარკვიანი მისი შვილის დაჭერას, რადგან თუ სტატუსი რეალურია, საუბარია “ნაჯახით მო###ვნაზე” და არა სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე.

მისივე განცხადებით, მისი შვილის სტატუსი არის პასუხი ჯონი გიგანის მხრიდან მის შესახებ დაწერილ სტატუსებზე, რაც მიუღებელია, თუმცა “კაცებს შორის გასარჩევია და არა თაკო ჩარკვიანის წივილ-კივილით”.

კილაძე აღნიშნავს, რომ 2 რამ აინტერესებს: ერთი, რატომ ჩაერთო ჯონდო გიგანი ჩარკვიანისა და მის დაპირისპირებაში და მეორე, რატომ გაუკვირდა თუ შვილისგან დედის გინებაზე პასუხი მიიღო.

“ჩემთვის არის ძალიან ცხადი, რომ თაკო ჩარკვიანი ასრულეს ხელისუფლების დავალებას. თაკო ჩარკიანი კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილთან არის გარიგებული. მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა 2013 წელს, როდესაც იგივე ნინო ჯღარკავას სთხოვდა, რომ ღარიბაშვილთან დაელაგებინა მისი ურთიერთობა და უდესიანზე ჩვენებას მისცემდა.

მე როგორც ვიცი და როგორც მან აღიარა ჩვენი ერთ-ერთი სატელევიზიო დებატებისას, ჯონი გიგანმა მისცა უკვე ჩვენება გია უდესიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას. იმ პროკურატურას და სასამართლოს რომელსაც ჩარკვიანი აცხადებდა ივანიშვილის მორჩილ და მართულ უწყებებად”,– აცხადებს კილაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მის შვილს დაიბარებს, გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა.