“ძვირფასო ექიმებო, გადაივლის ეს ამბავი და აუცილებლად მოგიწევთ ახსნა, რატომ მოხდა ქვეყნის პარალიზება“–გუბაზ სანიკიძე

ისტორიკოსი და პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე ხელისუფლებას მოუწოდებს დროზე გააუქმოს აკრძალვები და შემოიღოს გონივრული რეგულაციები, რათა ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსში არ ჩავარდეს. მთავარი არხის ეთერში გუბაზ სანიკიძემ ექიმების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, რომელთა ნაწილს მისი აზრით ხელისუფლებასთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში შეიქმნება:

“ასე დიდხანს დუმილი აღარ შეიძლება.

რომის რესპუბლიკას ქონდა ასეთი თანამდებობა, რომელსაც ერქვა დიქტატორი, ანუ დიქტატურა. რას ნიშნავდა ეს:  ომიანობის , ჟამიანობის, მტრის თავდასხმის დროს და ა.შ. ერთ ადამიანს აძლევდნენ სრულ უფლებამოსილებას განეკარგა ყველაფერი, მაგალითად დიქტატორს ქონდა უფლება გაეცა ბრძანება, რომ დაეწვათ რომი.  და არავინ არ შეეწინააღმდეგებოდა, იმიტომ რომ ხალხს უნდა შეესრულებინა ეს. მაგრამ, დიქტატურას ქონდა ერთი ძალიან საინტერესო თვისება: ექვს თვეში ავტომატურად გადიოდა ვადა. როგორც კი გავიდოდა ეს ექვსი თვე, ამ დიქტატორს, ყოვლის შემძლეს, ღვთაებრივ ადამიანს, რომელსაც ყველაფრის, მათ შორის  ნებისმიერი მოქალაქის სიკვიდილით დასჯის უფლებაც  ქონდა სასამართლოს გარეშე, ექვსი თვის გასვლის შემდეგ ის ავტომატურად ხდებოდა კერძო პირი. იბარებდნენ სენატში და უკვე ეკითხებოდნენ რატომ დაწვა რომი, და მას უნდა აეხსნა, რატომ დაწვა რომი. თუ ვერ ახსნიდა და არგუმენტები არ ექნებოდა, მას სჯიდნენ სიკვდილით.

გადმოვიდეთ 21–ე საუკუნეში. რეკომენდაციებს, რომლებსაც გვაძლევს ხელისუფლება, და აუცილებლად უნდა ვთქვა უკვე ეს, ხელისუფლება იღებს რეკომენდაციებს ჩვენი ექიმებისგან, ძვირფასი ექიმებისგან. ჩემო ძვირფასო ბატონო და ქალბატონო ექიმებო, როცა გადაივლის ეს ამბავი და როცა ქვეყანას რაღაცა პრობლემები შეექმნება,მერე აუცილებლად მოგიწევთ თქვენ ახსნა, რატომ მოხდა ქვეყნის პარალიზება, იმიტომ რომ ის, რაც ხდება და რასაც ახორციელებს ქვეყნის ხელისუფლება ეს არის ჩვენი ძვირფასი მედიკოსების რჩევებით, ერთი ნაწილის, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ ერთსულოვანი ნამდვილად არ არის ქართული სამედიცინო სამყარო.

აუცილებლად უნდა გვითხრათ რატომ აძლევდით ასეთ რეკომენდაციებს ხელისუფლებას, რომელმაც კი ბატონო, კორონა შეიძლება გადაგვივადა, მაგრამ შიმშილობა გამოიწვია ქვეყანაში და ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია. აუცილებლად იქნება ეს, სხვანაირად არ გამოვა ეს, იმიტომ რომ  გასაგებია დღეს მთავარი ადამიანები არიან ექიმები, სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ის, რომ ძალიან მაღალია მათ შორის დაინფიცირება და მიზეზები მოსაძებნი. მოვუწოდებ სამედიცინო ექსპერტიზას, რომ გულწრფელები იყავით და ცოტა ღიად იმოქმედეთ, იმიტომ რომ უკვე რაღაც–რაღაცეებში მთლად სიმართლე არ აღმოგაჩნდათ, იმიტომ რომ ერთ დღეს , ერთი კვირით ადრე ერთ განცხადებას აკეთებთ და ერთი კვირის შემდეგ აკეთებთ სხვა განცხადებას, და მერე გვეუბნებით, რომ ცუდ ზღაპრებს გიყვებით, რომ იქნებ შეგეშინდეთ და გარეთ არ გამოხვიდეთო.

ასე არ გამოვა, იმიტომ რომ თქვენი საქმე კი არის კორონას მოგერიება, მაგრამ პოლიტიკა თქვენი საქმე არ არის ძვირფასო ექიმებო. და ვერ ერკვევით ამ ამბებში და ქვეყანა სად შეიძლება აღმოჩნდეს ეკონომიკური კოლაფსის პირობებში და შიმშილობის პირობებში მარტო ხელისუფლების ბრალი არ იქნება ეს, იქნება თქვენი ბრალიც. ასე არის ეს და სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ პრობლემა გვეხება ყველას, ეხება ჩვენს შვილებს, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს სამშობლოს და ქართულ სახელმწიფოს. ამიტომ გაითვალისწინეთ და ცოტა გაიმახვილეთ პასუხისმგებლობა  მორალურიც და პოლიტიკურიც. ნაკლებად ჩაერიეთ პოლიტიკაში, ნაკლებად დაუჯერეთ შლეგ ბიძინა ივანიშვილს და მის მომხრეებს და მოიქეცით წესიერად, ჰიპოკრატეს ფიცი  შეასრულეთ როგორც წესი და რიგია. სათქმელი იყო ეს, მე ასე მგონია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად უკვე ერთმანეთის გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ ის შეკრული გუნდი, რომელიც ლამის ღვთაებად გამოვაცხადეთ . ღრმა პატივისცემა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დიდება.

რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება გვეუბნება – დღეს არის სტაბილური სიტუაცია. არის სტაბილური სიტუაცია, ოღონდ ამ სტაბილურ სიტუაციას ქმნის ქართველი ხალხის მაღალი კულტურა. დააკვირდით როგორ იქცევა ხალხი მაღაზიებში, თავშეყრის ადგილებში. შემოიღეთ რეგულაციები, აკრძალვებით საქმე არ გამოდის. გახსენით, ოღონდ შემოიღეთ რეგულაციები. დრო არის უკვე, იმიტომ რომ თუ ასე გააგრძელებთ ძვირფასო ხელისუფლებავ, აჯანყებული ქართველები გადაგივლიან თავზე, იმიტომ რომ შიმშილი განსაზღვრავს ყოველთვის ადამიანის მოდგმის ქმედებებს და მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ისტორია არის პირდაპირ დამოკიდებული შიმშილთან. ხალხთა დიდი გადასახლებები, რასაც იმპერიები შეწირვია და კულტუროლოგიური, გეოპოლიტიკური ცვლილებები მომხდარა,შიმშილობის გამო ხდებოდა. გაითვალისწინეთ ეს, იმიტომ რომ ერთად დაგიგროვდებათ ყველას პასუხისმგებლობა.“–განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.