1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში, თბილისში 44 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„წლევანდელი წელი შარშანდელთან შედარებით განსხვავებულად დაიწყო. ქვეწარმავლის გამოღვიძებას და გააქტიურებას, ბუნებრივი ციკლის სწორად წარმართვას შესაფერისი ამინდი სჭირდება, რაც გამოიხატება მზიანი დღეების სიმრავლით და წვიმიანი ამინდების სიმცირით. შარშან აპრილის თვე შედარებით თბილი იყო, წელს ციოდა, რის გამოც, ქვეწარმავალმა გვიან გაიღვიძა. თუმცა, ახლა უკვე სიტუაცია ნელ-ნელა ბალანსდება. 15 მაისიდან გამოძახებები გააქტიურდა, რაც ქვეწარმავლების რაოდენობის ზრდით გამოიხატა. რაც შეეხება სტატისტიკას, შარშან აპრილში 15 ქვეწარმავალი დავიჭირეთ, წელს – 16. თუმცა, რადიკალური სხვაობაა მაისში, როცა ყველაზე აქტიური პერიოდი უნდა იყოს. 2018 წელს მაისში 140 ქვეწარმავალი დავიჭირეთ, წელს, 17 მაისის მდგომარეობით, მხოლოდ – 28, როცა ამ დროისთვის მინიმუმ 70-80 უნდა ყოფილიყო დაჭერილი. თბილისის თითქმის ყველა უბნიდან თანაბრად არის შემოსული შეტყობინებები, რადიკალურად განსხვავებული წერტილები არ არის. შესაძლებელია 5-6 გამოძახებით მეტი იყოს გარეუბნებში, რომელიც ბუნებრივ არეალთან ახლოს არის, თუმცა, მკვეთრი განსხვავება უბნებს შორის ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ზანდუკელმა სააგენტოსთან.
ზანდუკელის განცხადებით, შხამიანი გველის გამოჩენის ალბათობა მაღალია, როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში. მისი ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით, 26 სახეობის ქვეწარმავალი ბინადრობს, რომელთაგან ყველაზე შხამიანი გიურზაა.