100/ 50-ზე ან 110/ 40-ზე სწორედ ისაა, რაც უზრუნველყოფს პროპორციულსაც და მაჟორიტარულ წარმომადგენლობასაც- ვოლსკი

,,ქართული ოცნების” ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მანდატების 100/50-ზე ან 110/40-ზე განაწილება უზრუნველყოფს პროპორციულსაც და მაჟორიტარულ წარმომადგენლობასაც, ხოლო 10, 15 და 20 მაჟორიტარს არ შეუძლია, წარმოადგინოს საარჩევნო ოლქი.

მისი თქმით, ეს პროპორციები უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობას, რაც ოპოზიციას არ უნდა.

„საოცრებაა რომ ამ ციფრებით მანიპულირება მთავარი ტრენდი გახდა ჩვენს ოპოზიციონერ მომლაპარაკებლებს შორის. ძალიან რთულია გააგებინო ადამიანს, რომ 20, 15, 10 – ეს არ არის მაჟორიტარების ის რაოდენობა, ვისაც რეალურად შეუძლიათ წარმოადგინონ საარჩევნო ოლქი. 100/ 50-ზე ან 110/ 40-ზე, სწორედ ისაა რაც უზრუნველყოფს პროპორციულსაც სათანადო დონეზე და მაჟორიტარულ წარმომადგენლობასაც, და რაც მთავარია, უზრუნველყოფს სტაბილურობას ქვეყანაში. ეს არ უნდა ოპოზიციას, ესეთი შთაბეჭდილება მრჩება და საფუძველი მაქვს უკვე ღიად ვისაუბრო ამაზე“, – ამბობს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მოთხოვნაა, ,,ქართულმა ოცნებამ” პროპორციულთან დაახლოებული საარჩევნო სისტემა მიიღოს. მათთვის 100/50-ზე და 110/40-ზე განაწილება მიუღებელია.

ამასთან, მმართველი ძალა ინიციატივით გამოვიდა, კანონში ჩაიწეროს 40%-ის პრინციპი, რომლითაც ამაზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, თალაკვაძის თქმით, მანდატების განაწილების პროპორციები მეორეხარისხოვანი ხდება.