საქართველოში 1000-მდე ადამიანი თვითიზოლაციაშია- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართევლოს მასშტაბით 1000-მდე ადამიანი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება.

გამყრელიძე მათ მოუწოდებს, არ დაარღვიონ რეჟიმი.

,,დაახლოებით ათასამდე ადამიანი თვითიზოლაციის რეჟიმშია. მინდა ვთხოვო ყველას, ნუ დაარღვევენ ამ რეჟიმს და თუ იქნა თვითიზოლაციის რეჟიმში გარკვეული სიმპტომები გამოხატული, მიმართონ, დაურეკონ ექიმს. ხშირად ვამბობდით, რომ მიმართონ და დღეს ვთხოვთ, დაურეკონ, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს პირდაპირი მიმართვები და სთხოვონ ექიმს, დაუნიშნონ ვიზიტი და ზუსტად იმ საათზე მივიდნენ. თავი მოვარიდოთ რიგებსა და თავყრილობებს”, – განაცხადა გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

ამავე ბრიფინგზე მან ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდა, არ ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და იყვნენ სოლიდარულები.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 295 პაციენტი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 49.