მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს – ადვოკატი

შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმულის უფლებას იყენებს.

მისივე თქმით, მურსაკულოვი შანაი ბრუკს არ იცნობდა.

„იგი ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. ასე რომ, კონკრეტულად მესამე პირები და სხვა პირები მონაწილეობენ თუ არა, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია, ხვალ გადმომცემენ. რაც შეეხება კითხვას იცნობდა თუ არა მას, ის აცხადებს, რომ არ იცნობდა, არანაირი შეხება ამ პიროვნებასთან არ ჰქონია. ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს. კონკრეტულად ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია შიგნით და საერთოდ, რას გვედავებიან“, – განაცხადა ავდოკატმა.

რაფაელ მურსაკულოვის ბრალს დღეს, 9 სექტემბერს წარუდგენენ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ შანაე ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს.