13 ივნისის ჭრილობებს და ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს-კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო 2015 წლის 13 ივნისი, როდესაც ეს უბედურება მოხდა. რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, თუ რამდენად უძლური ვიყავით ბუნების წინაშე და რამდენად მძიმე იყო არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს და ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს. უბრალოდ, ამას ვეგუებით. რაც შეეხება სამუშაოებს, იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო – ეს იყო განგაშის სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ასევე, ცხაურები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა”,- განაცხადა კალაძემ.

წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიის ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაკარგულად ითვლება.