ზელენსკი არავის ურჩევს მოსკოვის აღლუმზე ჩასვლას, რუსეთი კი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში კიევზე დარტყმით იმუქრება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 8 მაისის 00:00 საათიდან 10 მაისის 00:00 საათამდე რუსეთის ჯარები ფრონტზე ცეცხლს შეწყვეტენ და უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმებს არ განახორციელებენ — ამით სამხედრო უწყებამ დაადასტურა რუსეთის ხელისუფლების მიერ გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში გამოცხადებული ზავი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ რუსეთის ქმედებებს „სარკისებურად“ უპასუხებს, თუმცა გააფრთხილა უცხოელი ლიდერები, რომ მოსკოვში აღლუმზე ჩასვლა არ ღირს.

რუსეთის სამხედრო უწყებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 8 მაისის შუაღამიდან მისი ჯარები ფრონტზე „სრულად შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს“.

„ამავე დროს შეწყდება სარაკეტო ძალებისა და არტილერიის, საზღვაო და საჰაერო ბაზირების შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღისა და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებსა და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რომლებიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და შეიარაღებულ ძალებთან არის დაკავშირებული“, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

უწყებამ ასევე მოუწოდა „უკრაინულ მხარეს, მიჰყვეს ამ მაგალითს“.

თუ უკრაინა ზავს დაარღვევს, რუსეთის არმია „ადეკვატურ პასუხს“ გასცემს, — განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში. განცხადებაში სამხედროებმა გაიმეორეს ის მუქარები, რომლებიც ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააჟღერა: მოსკოვში „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღნიშვნის ჩაშლის“ მცდელობის შემთხვევაში „კიევის ცენტრზე მასირებული სარაკეტო დარტყმის“ მიყენება.

„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ კიევის სამოქალაქო მოსახლეობასა და უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს ქალაქის დროულად დატოვების აუცილებლობის შესახებ“, — ნათქვამი იყო განცხადებაში.

რა თქვა ზელენსკიმ

ხუთშაბათს საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც შეახსენა ყველას, რომ კიევი 6 მაისის შუაღამიდან სიჩუმის რეჟიმის დაწესებას სთავაზობდა, თუმცა რუსეთს ოფიციალურად არ უპასუხია და უკრაინულ ქალაქებსა და ფრონტზე სამხედროებზე დარტყმების განხორციელება განაგრძო.

„მათ [რუსეთის ხელისუფლებას] უკრაინისგან სურთ ნებართვა, ჩაატარონ თავიანთი აღლუმი, რათა წელიწადში ერთხელ ერთი საათით უსაფრთხოდ გამოვიდნენ მოედანზე, შემდეგ კი ისევ გააგრძელონ ჩვენი ხალხის მოკვლა და ომი“, — თქვა ზელენსკიმ.

„მივიღეთ მიმართვები რუსეთისთვის ახლობელი ზოგიერთი სახელმწიფოსგან, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში ჩასვლას აპირებენ. უცნაური სურვილია… ასეთ დღეებში. ჩვენ არ ვურჩევთ“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან გაიმეორა ის, რაც მანამდეც ჰქონდა ნათქვამი: „უკრაინის პოზიცია მაქსიმალურად გამჭვირვალე და პატიოსანია: უკრაინა იმოქმედებს სარკისებურად. სიჩუმე რომ ყოფილიყო, უკრაინული შორი მოქმედების სანქციებიც არ იქნებოდა“.

„შორი მოქმედების სანქციებს“ ზელენსკი უკრაინის სამხედროების დარტყმებს უწოდებს რუსეთის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ფრონტის ხაზიდან მნიშვნელოვან მანძილზე მდებარეობს. ამ მიმართვაშიც უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა უკრაინული ძალების ბოლო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე, მათ შორის სამხედრო გემზე კასპიის ზღვაში და ნავთობის ობიექტზე პერმის მხარეში.

მანამდე, ხუთშაბათს, კრემლმა გამოაქვეყნა უცხოელი ლიდერების სია, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში ჩავლენ. ამ სიის მიხედვით, გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოსკოვში ჩავლენ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ლაოსის პრეზიდენტი ტჰონგლუნ სისულიტი, მალაიზიის უზენაესი მმართველი სულთან იბრაჰიმი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმზე დასწრებას არ გეგმავს.

გარდა ამისა, მოსკოვში იქნებიან ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა სერბსკას წარმომადგენლები და თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები.

„საზეიმო ღონისძიებაზე სპეციალურად არ მოგვიწვევია უცხოელი სტუმრები, ისევე როგორც გასულ წელს“, — განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

ეს კრემლის 9 მაისის სტუმრების ყველაზე მოკლე სიაა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლიდან მოყოლებული. იმ წელს მოსკოვში აღლუმზე არცერთი უცხოელი ლიდერი არ ჩასულა. მაშინაც კრემლმა განაცხადა, რომ არავინ მიუწვევია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2026 წელს წითელ მოედანზე აღლუმში, პირველად რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სამხედრო ტექნიკის კოლონა, ასევე სუვოროველები და ნახიმოველები მონაწილეობას არ მიიღებენ.

კრემლმა აღლუმის ფორმატის შეცვლა საჰაერო თავდასხმების შიშითა და იმით ახსნა, რომ წელს თარიღი საიუბილეო არ არის.

9 მაისს მოსკოვში მობილური კავშირი სრულად გაითიშება, არ გაიხსნება არც ე.წ. „თეთრი სიების“ საიტები.

მუქარები კიევზე დარტყმის შესახებ

ოთხშაბათს საღამოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 4 მაისს უცხოურ საელჩოებს წერილი გაუგზავნა მოწოდებით, „წინასწარ უზრუნველყონ“ თავიანთი თანამშრომლების ევაკუაცია კიევიდან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ეს ახსნა „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კიევზე, მათ შორის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე, საპასუხო დარტყმის მიყენების გარდაუვალობით“.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინა 9 მაისს მოსკოვზე დარტყმით იმუქრებოდა და პირობას დებს, რომ თუ ეს მოხდება, უკრაინის დედაქალაქზე მასირებული შეტევით უპასუხებს.

ზელენსკის პირდაპირი მუქარა არ გამოუთქვამს მოსკოვზე დარტყმის შესახებ სამხედრო აღლუმის დროს. ერევანში გამოსვლისას მან თქვა: „რუსეთმა განაცხადა, რომ 9 მაისის აღლუმი მოსკოვში სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში. მათ არ შეუძლიათ თავს მისცენ სამხედრო ტექნიკის გამოყვანის უფლება და ეშინიათ, რომ დრონებმა შეიძლება წითელ მოედანზე გადაიფრინონ. ეს მეტყველი ფაქტია და აჩვენებს, რომ ისინი ძლიერები არ არიან“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების საპასუხოდ, ევროკომისიის პრესსპიკერმა ანვარ ალ-ანუნიმ თქვა, რომ ევროკავშირი კიევიდან დიპლომატების ევაკუაციას არ აპირებს.

„რუსეთის საჯარო მუქარები კიევზე თავდასხმის შესახებ მისი უგუნური ესკალაციის ტაქტიკის ნაწილია“, — განაცხადა მან ხუთშაბათს ბრიფინგზე. „რაც ჩვენ, ევროკავშირს, გვეხება, ჩვენ ჩვენს პოზიციასა და კიევში ყოფნას არ შევცვლით“.

„რუსული თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა კიევსა და უკრაინის სხვა ნაწილებში“, — განაცხადა ალ-ანუნიმ და აღნიშნა, რომ წინა დარტყმებმა ზიანი მიაყენა დიპლომატიურ მისიებსაც, მათ შორის ევროკავშირის მისიას.

რუსეთმა უგულებელყო უკრაინის წინადადება 6 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაგრძო უპილოტო აპარატების გაშვება ხარკოვის, სუმის, დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქებისა და სხვა ადგილების მიმართულებით.

უკრაინელმა სამხედროებმა უპასუხეს შორი მოქმედების უპილოტო აპარატების ახალი გაშვებებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. კერძოდ, 7 მაისის დილით დრონებმა ისევ, ორ კვირაში უკვე მესამედ, შეუტიეს ნავთობის ობიექტებს პერმში.