„ქართული ოცნება“ ევროკავშირს მოუწოდებს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს. რა განცხადებები გაკეთდა თბილისსა და ლუქსემბურგში

ლუქსემბურგში, ევროპის საკონფერენციო ცენტრში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილეს, თუმცა საქართველო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი არ ყოფილა.

ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოზე დღეს მოკლედ იმსჯელებდნენ და კოლეგებს შესთავაზებდა, რომ უფრო სიღრმისეული დისკუსია იანვარში გამართონ.

საქართველოზე უფრო ვრცელი კომენტარი გააკეთა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში. კითხვაზე – გეგმავს თუ არა ბრიუსელი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, მარტა კოსი პასუხობს, რომ პარტნიორობა გამორიცხულია, სანამ თბილისი ევროპულ ღირებულებებს არ დაუბრუნდება.

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ძალიან გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან. სანამ ისინი წინ არ მიდიან და პირიქით, იმ კანონებით, რომლებიც მიიღეს, უკუსვლას განიცდიან, სანამ წინსვლა არ იქნება, სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ. თუმცა, საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან არ ვთანამშრომლობთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარს ვუჭერთ ხალხს. ბევრი სფეროა, სადაც დახმარებას ვუწევთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს, მაგრამ წინსვლისთვის ორივე მხარის ჩართულობაა საჭირო“ – განაცხადა მარტა კოსმა.

ევროპელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პრობლემა არა ქართველ ხალხში, არამედ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებშია. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ამბობს, რომ ქართველი ხალხის ნება და მთავრობის კურსი ერთმანეთს აცდენილია.

„ადგილზე არსებული ვითარება არ შეცვლილა. საქართველოს მოსახლეობას სურს, იყოს ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მთავრობას არ გადაუდგამს შესაბამისი ნაბიჯები. საქართველო არ არის გარიყული საერთაშორისო პროცესებიდან. თუმცა, რაც შეეხება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც ქართველი ხალხის სურვილია, ხალხს მთავრობისგან განსხვავებული რამ სურს“- ამბობს ბაიბა ბრაჟე.

ლუქსემბურგში ასევე პასუხობენ თბილისიდან გაჟღერებულ ბრალდებებს, თითქოს დასავლეთი ქვეყანას ბოიკოტს უცხადებს. რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პარტნიორობა მხოლოდ დემოკრატიული თამაშის წესების პატივისცემაზე დგას.

„არცთუ ისე ვეთანხმები შეფასებას, თითქოს სწორედ ევროკავშირი იყოს ის მხარე, რომელიც დიალოგს ბოიკოტს უცხადებს. ევროკავშირი მუდამ მზადაა, გააგრძელოს დიალოგი იმ ქვეყნებთან და მთავრობებთან, რომლებიც ღიაობას იჩენენ და იცავენ დემოკრატიას, რომლებიც მზად არიან, ოპოზიციას უშუალოდ არჩევნებში გაუწიონ კონკურენცია და არა სხვა ტიპის მექანიზმების გამოყენებით“ – თქვა ოანა-სილვია ტოიუმ.

ევროკავშირის მინისტერიალის პარალელურად ანტიევროპულ განცხადებებს აკეთებდნენ თბილისში. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პრობლემა არა მათში, არამედ თავად ევროკავშირშია და მოუწოდებს ბრიუსელს ევროპულ გზას დაუბრუნდეს. შალვა პაპუაშვილი ქრისტიანულ ღირებულებებზე ალაპარაკდა, რაზეც მისი განცხადებით საქართველო დგას და მიმართა ევროკომისარ კოსს, თქვას – რა პრობლემა აქვს ამ ღირებულებებთან. ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან იდენტობის დაკარგვას და ერთსქსესიანი წყვილების მიერ შვილის აყვანის დაშვებას ითხოვს, რასაც არ დაუთმობენ.

„საქართველოს სუვერენიტეტი დავთმოთ, მშვიდობა დავთმოთ, განვითარება დავთმოთ, თუ რა დავთმოთ? (ევროკავშირთან ურთიერთობისთვის). ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს ღირებულებები. იდენტობასაც ვერ დავთმობთ. დანარჩენი, ყველა საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ დისკუსიისთვის. ნებისმიერი – კანონი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა რამ, მზად ვართ დისკუსიისთვის
ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს მაგას, რომ უნდა წახვიდე და ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.

„ვნახეთ, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. დროა, ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროპულ გზას – დიალოგის გახსნილობისა და კონფრონტაციული გზიდან გასვლისა.
ჩვენი ქვეყანა დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენა არის, რომ ქრისტიანული ღირებულებები არის ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები. ასე რომ, ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, მაშინ გვითხრას, რა ასპექტში აქვს მას ეს პრობლემა. რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას – მას შეუძლია, რამდენჯერაც უნდა ეს ყალბი ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია, რომ ჯობია, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო. ასე იქნებოდა ჩვენ რომ დაგვეჯერებინა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით უკრაინის და მოლდოვის მდგომარეობაში“ – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

„საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს რატომ იკრიბებიან რისთვის ან რაზე იმსჯელებენ. რადგან ყველა მათი მიღებული გადაწყვეტილება და რეზოლუცია არასამართლიანობაზე და სიცრუეზეა დაფუძნებული. კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, ვიცით რა არის მთავარი ინტერესი – როგორმე თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ ქვეყნის სათავეში, რომ შემდეგ ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ და გააკეთებინონ, რაც მათ უნდათ, რაც უკრაინაში ხდება“ – თქვა კახა კალაძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა, თავიდან ბოლომდე, „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი კი მთავარ გადაწყვეტილებებს იანვარში ელოდება, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება

„ჩვენ როგორც გვითხრეს, დიდი პოლიტიკური მსჯელობა სავარაუდოდ მომავალი წლის იანვარში გაიმართება და ეს არ არის შემთხვევითი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი დღეს არის შეჩერებული, უახლოეს თვეებში უამრავი რამ იგეგმება. ევროკავშირი მიიღებს გაფართოების შესახებ ანგარიშს, რომელშიც უნდა დაიწეროს თუ რამდენად შეასრულა „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ის მოთხოვნები, რომლებიც უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებულ პროცედურებს ეხება. ასევე შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ იანვრისთვის აპირებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რაც ცხადია, რომ სრულიად ახალ რეალობას შექმნის, მათ შორის ევროკავშირში დაგეგმილ მსჯელობებთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც ეს პროცესები განვითარდება, მომავალი წლის იანვარში და დღეს არის მოთელვით აზრთა გაცვლა-გამოცვლა“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„რუსეთის ინტერესების გატარების გამო, თავიდან ბოლომდე გაიფუჭეს ურთიერთობა ევროკავშირთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან და მეორე მხრივ, რუსეთთანაც ვერ შეძლეს საუბარი საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესების დაცვის გამო….ის, რომ საქართველოში განსხვავებული აზრი იდევნება, ის, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს კრძალავენ, ის, რომ საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის სახელმწიფოებთან ურთიერთობა გაფუჭებულია, ეს, რა თქმა უნდა, ცხადია და ძალიან სამწუხაროა,” – განაცხადა „გახარია-საქართველოს“ წევრმა შალვა კერესელიძემ.

დღევანდელი მინისტერიალის შემდეგ ლუქსემბურგში პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი მედიას შეხვედრის ოფიციალურ შედეგებს გააცნობს. სწორედ ამ დასკვნით ბრიფინგზე გაჟღერდება უფრო მეტი დეტალი დღევანდელი მინისტერიალისა და ევროპელი ლიდერების პოზიციის შესახებ.

პოპულარული

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს,...

ასეთი ევროპარლამენტით, რა თქმა უნდა, ჩვენ ევროკავშირში არ უნდა გველოდნენ – პაპუაშვილი

უპირველეს ყოვლის, პატივია, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ შემადგენლობაში...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი – პაპუაშვილი, მეორე – კალუგინი მოსკოვში – სამადაშვილი

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი შალვა პაპუაშვილი...

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა  ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, ,...

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე...

არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვებას აიძულებდა – დააკავეს ბებია

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულების ბრალდებით არასრუწლოვნის ბებია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბებიამ...

ყველა ამბავი

შთამბეჭდავია, საკმაოდ დიდი ზრდაა – სარჯველაძე პენსიებზე

ეს არის ზუსტად ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის ნაწილი, რომ ყველაფერი იგეგმება, ყველაფერი ხორციელდება იმგვარად, რომ წლიდან წლამდე ჩნდება მეტი და...

პენიტენციურის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს."იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით...

ციხის ხელმძღვანელობაზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ბრალდებით პატიმრებს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. მათ N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილის ფიზიკურ შეურაცხყოფასა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ...

ივანიშვილისგან ვიღებთ რჩევებს, საკითხებს ერთად განვიხილავთ – კობახიძე

ივანიშვილისგან ვიღებთ რჩევებს, საკითხებს ერთად განვიხილავთ. ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ ივანიშვილი...

ჰერჩინსკი თავს ესხმის ქართველ ხალხს – კობახიძე

ჰერჩინსკიზე თუ დამისვამთ კითხვას, მე რას ვფიქრობ იმაზე, რომ “ოლე ოლას” შემსრულებელი მიიწვია მაინც და მაინც კონცერტზე, რა თქმა...

ასეთი ევროპარლამენტით, რა თქმა უნდა, ჩვენ ევროკავშირში არ უნდა გველოდნენ – პაპუაშვილი

უპირველეს ყოვლის, პატივია, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ შემადგენლობაში დავსახელდები მეც და მინდა შეგახსენოთ, რომ მესამე შემთხვევაა უკვე როდესაც...

მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა – ოანა-სილვია ტოიუ

მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ტოიუმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო...

უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი, გიორგი ფარცვანია ავრცელებს."სამწუხაროდ დაიღუპა...

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა

ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი - ინფორმაციას "ქართლის ამბები ავრცელებს".დაშავებულების მდგომარეობა...

მარტა კოსი ოცნებაზე:სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ძალიან გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან, -...

ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. ზელენსკი საკუთარ პირობებს ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. ამას ზელენსკი ითხოვდა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების...

რომის პაპს ფილტვში კვანძის აღმოჩენის შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდება

რომის პაპმა ლეო XIV-მ კვირას განაცხადა, რომ ექიმებმა მის ფილტვში მცირე წარმონაქმნი აღმოაჩინეს და მიმდინარე კვირაში მისი ამოღების ოპერაცია...