აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ოჰაიოში წინასაარჩევნო მიტინგზე გამგზავრებამდე, ჰკითხეს, რას ფიქრობს იმაზე, რომ არც რუსეთი და არც უკრაინა არ ადასტურებენ მის განცხადებებს კიევსა და მოსკოვს შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ თითქოს მიღწეულ შეთანხმებაზე.
„ისინი [ზელენსკი და პუტინი] დათანხმდნენ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე მათ ვუთხარი: „თქვენ თანახმა ხართ“. აი, რატომ“, — უპასუხა ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ, მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეთანხმების მიღწევით უფრო მეტად არის დაინტერესებული, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ვფიქრობ, პუტინს სინამდვილეში შეთანხმების მიღწევა უფრო მეტად სურს, ვიდრე ზელენსკის. ვფიქრობ, პუტინს შეთანხმება სურს და ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ზელენსკი, რომ მასაც მოუნდეს შეთანხმების მიღწევა“, — თქვა ტრამპმა.
როდესაც დაუზუსტეს, რომ რუსეთმა მის მიერ გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავი“ დაარღვია, ტრამპმა უპასუხა, რომ „დარღვევები ორივე მხრიდან იყო“.
„პუტინსა და ზელენსკის შეთანხმების მიღწევა სურთ, მაგრამ არ იციან, როგორ. თუმცა ჩვენ მათ ვაიძულებთ, შეთანხმებას მიაღწიონ“, — დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.


