ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 სამხედროს მკვლელობაში ბრალდებული, აშშ-ის არმიის ყოფილი მაიორის, ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირი ეთერით ჩვენება გააუქმა, თავად განაჩენი კი ძალაში დატოვა, რომელიც 3 დეკემბერს იგეგმება.
“ვფიქრობ, სიკვდილით დასჯის ტრანსლირება მსოფლიოსთვის ძლიერი მაგალითი იქნებოდა იმისა, თუ როგორ უსწორდება ამერიკა ტერორისტებსა და ისეთ ნაძირლებს, როგორიც ჰასანია, თუმცა ბევრი ძალიან კარგი ადამიანი ამჯობინებდა, არ ენახა, როგორ კვდება ის.” – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ტრამპის განცხადებით, დაღუპულთა ოჯახის წევრებს, თუ სურვილი ექნებათ შეუძლიათ სიკვდილით დასჯაზე პირადად დაესწრონ.
56 წლის ჰასანის სიკვდილით დასჯა 3 დეკემბერს, ტეხასის იმავე სამხედრო ბაზაზეა დაგეგმილი, სადაც მან თავდასხმა განახორციელა. აღსრულების დრო — 13:00 საათი — ასევე ემთხვევა 2009 წელს მომხდარი თავდასხმის დროს. ჰასანი 1945 წლის შემდეგ პირველი სამხედრო იქნება, რომელსაც აშშ-ის არმია დახვრეტით დასჯის.
ჰასანს სიკვდილით დასჯა სამხედრო ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2013 წლის აგვისტოში მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს წინასწარი განზრახვით ჩადენილ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობის 45 ეპიზოდში. დაკავებისას პოლიციის მიერ მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად ჰასანი ნაწილობრივ პარალიზებულია და გადაადგილებისთვის ეტლს იყენებს.


