ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა, შექმნა შეიარაღებული დანაყოფი, რომლის წევრთა ნახევარზე მეტს მისი ნათესავები, ასევე მაღალი თანამდებობის პირებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა შვილები შეადგენენ. ამის შესახებ ორშაბათს, 19 ოქტომბერს, გამოცემა „ვერსტკამ“ დაწერა მას შემდეგ, რაც გააანალიზა ფოტო, რომელიც უმცროსმა კადიროვმა ხუთი დღით ადრე Instagram-ზე გამოაქვეყნა. სოციალური ქსელი Instagram რუსეთში 2022 წლის მარტიდან დაბლოკილია.
ფოტოზე თავად ადამ კადიროვი და კიდევ 18 ახალგაზრდა მამაკაცია აღბეჭდილი. ჟურნალისტებმა მათი უმეტესობის ვინაობა დაადგინეს. მათ შორის არიან ჩეჩნეთის ლიდერის 30 წლის ძმისშვილი აბუბაქარ კადიროვი; რამზან კადიროვის ქალიშვილის, აიშატის ქმრის ძმა — 18 წლის რამზან მაცუევი; ასევე ჩეჩნეთის ლიდერის მეუღლის, მედნის, ორი ძმისშვილი — 21 წლის დოკა აიდამიროვი და 23 წლის მინკაილ უსმანოვი.
კადიროვების ოჯახის წევრების გარდა, „K-13-ის გუნდში“ შედიან, მაგალითად, ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრ მაგომედ დაუდოვის 18 წლის ვაჟი რამზან დაუდოვი; გროზნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის, აპტი ირასხანოვის ნათესავი, 36 წლის შამილ ირასხანოვი; და სპეციალური სწრაფი რეაგირების რაზმ „ახმატის“ მეთაურის მოადგილის, მაგომედ (ადამ) ნაურბიევის 19 წლის ვაჟი ხას-მაგომედ ნაურბიევი.

ადამ კადიროვის თქმით, „K-13-ის გუნდის“ წევრები არიან „სიტყვის, ღირსებისა და დისციპლინის ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი დავალება შეასრულონ, ადგილისა და დროის მიუხედავად“. უცნობია, კონკრეტულად რა მიზნით შეიქმნა ეს დანაყოფი.
კადიროვის ვაჟის წინა „მიღწევები“
ადამ კადიროვი მედიის ყურადღების ცენტრში 2023 წელს მოექცა, როდესაც გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა სტუდენტი ნიკიტა ჟურაველი, რომელმაც ვოლგოგრადში ყურანი დაწვა. ჩეჩნეთის პოლიციამ ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი თქვა.
ამის შემდეგ რესპუბლიკის ლიდერის ვაჟს ჩეჩნეთის გმირის წოდება და რამდენიმე ორდენი მიანიჭეს. მოგვიანებით ის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნადაც დანიშნეს.
2026 წლის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამ კადიროვი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ავარიის შემდეგ შესაძლოა მისთვის ელენთა ამოეკვეთათ.
28 ივნისს მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ Instagram-არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟი Range Rover-ის ჯიპს მართავს და ერთდროულად საგზაო მოძრაობის რამდენიმე წესს არღვევს.


