მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე იმსჯელებს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სუსის განცხადებით, ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შრის, ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები
მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ერთ-ერთ დაკავებულ პირთან დაკავშირებით
დამატებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ, როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.