რა წერია „ჰააგის დეკლარაციაში“ საქართველოზე, რომლის კენჭისყრაში მონაწილეობაზეც „ოცნებამ“ უარი თქვა და დარბაზი დატოვა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას შეიცავს.

რა წერია რეზოლუციაში, რომლის დაბლოკვასაც „ქართული ოცნება“ უშედეგოდ ცდილობდა, ბოლოს კი, კენჭისყრაში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა და ქართული დელეგაციის წევრებმა დარბაზი დატოვეს.

„საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, – ეს არის სახელწოდება რეზოლუციისა, რომლის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.

დოკუმენტის თანახმად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა:

⚫შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები;

⚫შეშფოთებულია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნების, ხმებით მანიპულირების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, „კარუსელების“ და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელის შეშლის შესახებ ცნობებით;

⚫გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, ასევე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს;

⚫შეშფოთებულია ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენებისა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციის გამო, რაც არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის დე ფაქტო ერთპარტიულ მმართველობას;

⚫გმობს პოლიტიკური ოპოზიციის წევრების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებებსა და შევიწროებას, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს მხარს უჭერენ;

⚫კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებისთვის ძირის გამოთხრა და ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გადახვევა საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ პირდაპირ საფრთხეს უქმნის;

⚫ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საარჩევნო შედეგის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დაცვაზე.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

⚫გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ;

⚫გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს;

⚫დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს;

⚫დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით;

⚫უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რათა მათ ანგარიშსწორების შიშის გარეშე იმუშაონ;

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის წევრებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს:

⚫გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებასთან ადვოკატირება დემოკრატიული ნორმების დაუყოვნებლივ აღდგენისა და სამომავლო საარჩევნო პროცესების ორგანიზების მიზნით, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან.

⚫უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული;

⚫საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას ყურადღებით დააკვირდეს და დემოკრატიული ღირებულებებისკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელოს.

კრიტიკული გზავნილები მოხვდა თავად „ჰააგის დეკლარაციის“ ზოგად ნაწილშიც. კერძოდ, დოკუმენტის ძირითად ტექსტში ასამბლეა:

⚫გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის დემოკრატიული უკუსვლის, დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების, ასევე წამყვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების გამო, რაც ასახულია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში, რომელიც 2026 წლის მარტში გამოქვეყნდა.

⚫კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, დემოკრატიული მმართველობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ და ხაზს უსვამს დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის, კანონის უზენაესობის დაცვისა და იმის უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომ პოლიტიკური პროცესები ინკლუზიური, გამჭვირვალე და ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში იყოს.

⚫კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის, მიმდინარე ოკუპაციას,

⚫მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თავისუფალი და უსაფრთხო ფუნქციონირება, თავი შეიკავოს ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნისგან და ხელი შეუწყოს დემოკრატიულ პრინციპებსა და ეუთო-ს წინაშე არსებულ ვალდებულებებზე დაფუძნებულ ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, ასევე მოუწოდებს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების სწრაფი და სრული განხორციელებისკენ.

⚫ხაზს უსვამს 2026 წლის ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის ფუნდამენტური თავისუფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი ზომებით, რაც არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს და ასევე, ხაზს უსვამს ძალადობის საგანგაშო ტენდენციას, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში წამების ზღვარს მიაღწია.

⚫აღნიშნავს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციის საქართველოში ვიზიტს 2026 წლის მარტში, როგორც დადებით ნაბიჯს საპარლამენტო ჩართულობისა და დიალოგის გაძლიერების თვალსაზრისით.

⚫მხარს უჭერს საქართველოში ინკლუზიურ დიალოგსა და პოლიტიკური დაძაბულობის მშვიდობიან მოგვარებას; მკაცრად გმობს ისეთი კანონმდებლობის მიღებასა და განხორციელებას, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის თავისუფლებას და გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს, ასევე ძალის გადამეტებულ და განურჩეველ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ; მოუწოდებს მსგავსი კანონმდებლობის გაუქმებისკენ, ძალადობის, დაშინებისა და თვითნებური დაკავებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ყველა იმ თვითნებურად დაკავებული პირის გათავისუფლებისკენ, რომლებიც საკუთარი უფლებების მშვიდობიანი გზით გამოყენებისთვის დააკავეს, ასევე, მოუწოდებს ძალის გადამეტებული გამოყენების ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით, მათ შორის 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფისკენ, დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებითა და მსხვერპლთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებით