თბილისის სარებულოსთან ბიძინა ივანიშვილზე უცენზურო ბანერის გამო აქტივისტები დააკავეს

ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოსთან დააკავეს აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერის შემცველი ბანერი ეჭირა ხელში. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დააკავა თოშხუას დაკავების შემდეგ ადგილზე მისული აქტივისტები: ვასო ბერიძე, ლაშა დგებუაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, მარინე ნანავა, სანდრო სეხნიაშვილი, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარაძე, ნატო ბოლქვაძე.

თბილისის საკრებულოსთან, აქციის დროს დაკავებული პირების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულია 10 პირი, რომლებსაც ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.

პოლიციელებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.