დააკავეს უცხო ქვეყანაში მოქმედი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის 3 წევრი – სუს

დააკავეს უცხო ქვეყანაში მოქმედი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის 3 წევრი, რომლებსაც საქართველოში სარეალიზაციოდ უკანონოდ შემოჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

“გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის წევრები, რომლებსაც საქართველოში სარეალიზაციოდ უკანონოდ შემოჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ისინი ქალაქ თბილისში, დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.

დაკავებულთა პირადი, ავტომანქანისა და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ელექტრონული მოწყობილობები. პირველადი დათვალიერებით, აღნიშნულ მოწყობილობებში ნაპოვნია სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. ამოღებული ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელში ჩართული სხვა პირების დადგენის, გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით”. – ნათქვამია განცხადებაში.