თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე რამდენიმე წუთის წინ საკუთარ სახლში დააკავეს. ვიდეო-კადრები “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ნია იმნაძის ადვოკატმა, გიორგი ლეკვიშვილმა გაავრცელა.ადვოკატის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნია იმნაძის სახლში ამ დროისთვის, პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე ხმაურია. მოგვიანებით ინფორმაცია ნია იმნაძის დაკავების შესახებ დაადასტურა საქმის პროკურორმაც.
გიგა ავალიანის საქმეზე რამდენიმე პირი უკვე ცნო დამნაშავედ. კერძოდ, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა აღნიშნული საქმისა, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.



