„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ — ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესს“ ე.წ. აფხაზეთის მთავრობაში განუცხადეს მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში საწვავის შეტანა დაადასტურა და თქვა, რომ ეს გააკეთა არა მთავრობამ, არამედ ბიზნესმა.
ამ ინფორმაციამ როგორც ჩანს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა გაკვირვება გამოიწვია, რის გამოც სააგენტო “აიაშარა“ კობახიძის განცხადების შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმოწმებს.
სააგენტო „აფსნიპრესს“ კი აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში განუცხადეს:
„საწვავის ბაზრის აფხაზი მონაწილეები სირთულეებს წააწყდნენ და მათ შეძლეს მოეძებნათ საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის მოწოდების შესაძლებლობა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ხელი არ შეშლოდა საქართველოდან საავტომობილო საწვავის შემოტანას. ასე ხდებოდა სხვა კრიზისულ სიტუაციებშიც. ომისშემდგომ 90-იან წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ასევე ხორციელდებოდა საწვავის მიწოდება საქართველოში. აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს რესპუბლიკაში სხვა ქვეყნებიდან საწვავ-საპოხი მასალების შემოტანას და მზად არის, ამაში დახმარება გაუწიოს საწვავის ბაზრის მონაწილეებს“.
აფხაზეთში საწვავის კრიზისი რუსეთში კრიზისს უკავშირდება, სადაც უკრაინულმა იერიშებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ვინაიდან ოკუპირებული აფხაზეთი საწვავის მიწოდებაზე თითქმის 100%-ით იყო დამოკიდებული რუსულ სახელმწიფო მონოპოლისტ „როსნეფტზე“, რუსეთის ენერგეტიკულმა კრიზისმა ავტომატურად დატოვა რეგიონი ბენზინისა და დიზელის სტაბილური მარაგის გარეშე.



