წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე სხდომაზე დააკავეს

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ ქრთამის სახით 250 000 ლარი აიღო.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს”,წერია სუს-ის ინფორმაციაში.