გამოცემა The Telegraph წერს, რომ დასავლეთის მთავრობები უკვე დიდი ხანია გამოდიან გაფრთხილებით ნატოზე თავდასხმის რისკის შესახებ. ამასთან, დაზვერვის სამსახურების შეფასებით, კრემლს ამ ეტაპზე ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება არ სურს, თუმცა მოსკოვმა შესაძლოა გამოიყენოს ჰიბრიდული ოპერაციები და პროვოკაციები, რომლებმაც ეტაპობრივად შეიძლება ესკალაციამდე მიგვიყვანოს.
▪️ „ყირიმის სცენარი“ — პროვოკაციები ბალტიის ქვეყნებში. რუსეთმა შესაძლოა სცადოს რუსულენოვანი მოსახლეობის გამოყენება და მოაწყოს საპროტესტო გამოსვლები თითქოსდა მათი ჩაგვრის გამო. ამ პროტესტების საფარქვეშ რუსმა აგენტებმა, შემდეგ კი სამხედროებმა შესაძლოა ცალკეული ქალაქების, მაგალითად ესტონეთის ნარვის ან ლატვიის დაუგავპილსის ხელში ჩაგდება სცადონ. ამის შემდეგ რუსეთმა შესაძლოა იქ ჯარები „მშვიდობის დასაცავად“ შეიყვანოს.
▪️ პირდაპირი შეჭრა. ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო, თუმცა ნაკლებად სავარაუდო სცენარია ერთდროული შეტევა ბელარუსიდან და კალინინგრადიდან, პოლონეთსა და ლიტვას შორის სუვალკის დერეფნის გადაკეტვის მიზნით. პარალელურად რუსეთმა შესაძლოა შვედეთის კუნძულ გოტლანდზე დესანტის გადასხმა სცადოს, რათა ბალტიის ქვეყნები ნატოს დანარჩენი ნაწილისგან მოწყვიტოს.
▪️ „შემთხვევითი“ შეჭრა. რუსეთმა შესაძლოა საბაბად გამოიყენოს, მაგალითად, სამხედრო ვერტმფრენის ავარიული დაშვება საზღვართან. ამის შემდეგ ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ეკიპაჟისა და ტექნიკის გამოსაყვანად „სამაშველო ჯგუფი“ შევა. მსგავსი სცენარი შეიძლება გამოყენებულ იქნეს რაკეტებისა და დრონების შემთხვევაშიც, რომლებიც თითქოს შემთხვევით მოხვდებიან პოლონეთის ან რუმინეთის ტერიტორიაზე.
▪️ თავდასხმა სხვისი დროშით. კრემლმა შესაძლოა ნატოს ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციისთვის ხელში ჩაგდებული ან ჩამოგდებული უკრაინული დრონები გამოიყენოს. მაგალითად, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინული შეტევის დროს უპილოტო აპარატები პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მიზანი ნატოს წევრებს შორის დაპირისპირების გაღვივება და მათი უკრაინის წინააღმდეგ განწყობა შეიძლება იყოს.
▪️ დივერსიები ევროპაში. რუსეთს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დივერსიული ოპერაციების ჩატარება უკვე ბრალდება. შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა გახდეს ისეთი თავდასხმა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება — მაგალითად, მატარებლის რელსებიდან გადასვლა ან სამრეწველო ობიექტზე დარტყმა. მოსკოვმა შესაძლოა ივარაუდოს, რომ დასავლეთი მკაცრ პასუხს ვერ გაბედავს.
▪️ კიბერშეტევები. რუსეთმა შესაძლოა შეუტიოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ფინანსურ ბაზრებს ან სატრანსპორტო სისტემებს — მაგალითად, პარალიზება გაუკეთოს დიდ აეროპორტს ან საფონდო ბაზარზე პანიკა გამოიწვიოს. ასეთი მეთოდი საშუალებას იძლევა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს მოწინააღმდეგეს, თუმცა თავდამსხმელის ზუსტად დადგენა და ნატოს პასუხის ორგანიზება უფრო რთული იქნება.
The Telegraph-ის შეფასებით, რუსეთისთვის მთავარი პრობლემა ნატოს შესაძლო რეაქციის წინასწარ გათვლაა. პროვოკაციამ, რომელიც ალიანსის გახლეჩას ისახავს მიზნად, შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს და ნატოს გაცილებით მკაცრი პასუხი გამოიწვიოს.



