“არ გამოვრიცხავთ, რომ მდინარაძემ, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს ” – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ფაქტია, მამუკა მდინარაძე არ ეკუთვნოდა თავის თავს. მას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, უნარები, რომ თავად მიეღო გადაწყვეტილებები, რა თანამდებობაზე იქნებოდა, ან არ იქნებოდა. შესაბამისად, ისევე როგორც ის არსაიდან მოსულა, დღეს არსაით გაუშვეს, კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებით. ის სახლში გაუშვეს ყოველგვარი რჩევა-დარიგებების გარეშე.
ყველას გვახსოვს, რომ თავის დროზე, რეგიონული სამინისტრო ლილუაშვილისთვის შეიქმნა. ძალიან კარგად გახსოვთ, რა ბედიც გაიზიარა ლილუაშვილმა. არ გამოვრიცხავთ, იგივე ბედი გაიზიაროს რამდენიმე თვეში მამუკა მდინარაძემაც.
რაც შეეხება ამ კონკრეტული სამინისტროს გაუქმებას – „ოცნებას“ ინიციატივა ჰქონდა, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეექმნა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს იქნებოდა კონკრეტულად მამუკა მდინარაძისთვის, ისევე როგორც მამუკა მდინარაძისთვის შეიქმნა ძალოვან უწყებებთან მიმართებაში კოორდინატორის პოზიცია. ბუნებრივია, დღეს, როდესაც მამუკა მდინარაძეს დაატოვებინეს პოლიტიკაც, თანამდებობაც და გაუშვეს სახლში, არ არის საჭიროება იმისა, რომ მდინარაძისთვის შეიქმნას პოსტი. შესაბამისად, ბუნებრივია, ვერ შეიქმნება ეს პოზიცია,“ – განაცხადა ფარულავამ.

