ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად იურისტი და სამართლის კანცლერი ულე მადისე აირჩია. კენჭისყრა 2 სექტემბერს, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გაიმართა.
ფარული კენჭისყრის შედეგად მადისემ 101 ხმიდან 71 ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა 78-მა დეპუტატმა მიიღო — შვიდი ბიულეტენი დაუმტკიცებელი დარჩა, ბათილად კი არცერთი არ ცნობილა. პრეზიდენტად ასარჩევად საჭირო იყო პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერა, ანუ მინიმუმ 68 ხმა — მადისემ ეს ზღვარი პირველივე ტურში გადალახა.
მადისე ერთადერთი კანდიდატი იყო ბიულეტენში, რადგან სხვა კანდიდატმა საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოაგროვა რეგისტრაციისთვის. მისი კანდიდატურა 75-მა დეპუტატმა წარადგინა — მხარდაჭერა როგორც მმართველი კოალიციიდან, ისე ოპოზიციიდან და დამოუკიდებელი დეპუტატებისგანაც მიიღო.
ვინ არის ულე მადისე
51 წლის მადისე განათლებით იურისტია – სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები თარტუს უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო 2007 წელს ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ მართვაში დოქტორის ხარისხი დაიცვა. მას სხვადასხვა დროს უმუშავია იუსტიციის სამინისტროში, პარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და პრეზიდენტის მრჩევლად. 2015 წლიდან იგი ესტონეთის სამართლის კანცლერის თანამდებობას იკავებს.
მადისე ესტონეთის ისტორიაში მეშვიდე პრეზიდენტი და მეორე ქალი სახელმწიფოს მეთაური იქნება — პირველი ამ თანამდებობაზე კერსტი კალიულაიდი იყო (2016–2021 წწ.). იგი ალარ კარისს ჩაანაცვლებს, რომელმაც მეორე ვადაზე ბალოტირება არ ისურვა. მადისე პრეზიდენტის უფლებამოსილებას 12 ოქტომბერს, პარლამენტის წინაშე ფიცის დადების შემდეგ შეუდგება და თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
ესტონეთის კონსტიტუციით პრეზიდენტის თანამდებობა უმეტესწილად საცერემონიო ხასიათისაა. ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ნატო-სა და ევროკავშირში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად და მოსკოვის კრიტიკოსად რჩება და თავდაცვაზე ხარჯების მოცულობით ალიანსის ლიდერთა შორისაა — 2026 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 5.4%-ს გეგმავს ამ მიმართულებით.

