„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში, ჰიბისკუსის კუნძულზე მდებარე ვილა 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
“41 წლის ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა და ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს ჰგავს, მაიამიში, დაცულ ჰიბისკუსის კუნძულზე ახლახან აშენებული სასახლე 51,5 მილიონ დოლარად გაყიდა.
ეს ჰიბისკუსისა და პალმის კუნძულებისთვის სარეკორდო გარიგებაა. მან გადააჭარბა 2024 წლის რეკორდს, როდესაც დენიელ ლიბურდიმ, რომელსაც „მაიამის იდუმალ წვეულებების ბიჭს“ უწოდებდნენ, 101 North Hibiscus Drive-ზე მდებარე სახლი 40,25 მილიონ დოლარად შეიძინა.
ქონების გასაყიდად გამოტანამდე გიორგი „ჯორჯ“ ბაჩიაშვილი თბილისიდან გაიქცა — ცოტა ხნით ადრე, ვიდრე 2025 წლის 10 მარტს მას დაუსწრებლად 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ედებოდა კრიპტოვალუტის მითვისება თავისი ყოფილი უფროსისგან — საქართველოს ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისგან. ბაჩიაშვილი ბრალდებებს უარყოფდა და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.
ამის შემდეგ, 2025 წლის 24 მაისს, ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, აბუ-დაბიში გაიტაცეს და საქართველოში დააბრუნეს, სადაც ის დააპატიმრეს. საპროცესო შეთანხმების შემდეგ მისი სასჯელი შეჩერდა და ერთ წელზე ნაკლები პატიმრობის შემდეგ, თებერვალში, ციხიდან გაათავისუფლეს.
ბაჩიაშვილის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი საიდუმლოდ რჩება, განუცხადა გამოცემა Gimme Shelter-ს მისმა ადვოკატმა პიტერ ჯ. სალასმა, იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-იდან.
აგვისტოს შუა რიცხვებში, ციხიდან გათავისუფლებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, ბაჩიაშვილმა მაიამის სახლი 55 მილიონ დოლარად გასაყიდად გამოიტანა. სახლი მხოლოდ 11 დღეში გაიყიდა — უცნობმა მყიდველმა მასში 51,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.“ – წერს გამოცემა
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბაჩიაშვილი, რომელიც წარსულში საქართველოს ყველაზე გავლენიანი ადამიანის თანაშემწე იყო, მიმდინარე წელს ციხიდან გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც ყოფილი უფროსისგან კრიპტოვალუტის მითვისებისთვის 15 წელზე მეტი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
გარიგების შესახებ პირველად The Real Deal-მა დაწერა.
270 South Hibiscus Drive-ზე მდებარე თანამედროვე სასახლეში არის ხუთი საძინებელი, მოსამსახურის ოთახი, ექვსი სრული და ორი დამატებითი სააბაზანო, სამუშაო კაბინეტი, სპორტული დარბაზი და დაახლოებით 36,5 მეტრი სიგრძის სანაპირო ზოლი.
სახლის ინტერიერში ასევე არის დიდი ჰოლი, ორმაგი სიმაღლის მისაღები ოთახი და პროფესიონალურად აღჭურვილი სამზარეულო.
ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით, ბაჩიაშვილმა ეს ქონება 2021 წელს 19 მილიონ დოლარად იყიდა. იმ დროს, წყაროს თქმით, ეს იყო „ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში მყოფი, დაუსრულებელი სახლის კარკასი“. მოგვიანებით ბაჩიაშვილმა ქონების დასაპროექტებლად სამხრეთაფრიკული არქიტექტურული კომპანია SAOTA დაიქირავა.


გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან 2026 წლის 18 თებერვალს გათავისუფლდა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მან სისხლის სამართლის საქმეებზე დანაშაული აღიარა, მიყენებული ზიანი აანაზღაურა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე იყო მსჯავრდებული და სასჯელის სახით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
გარდა ამისა, ბაჩიაშვილს მსჯავრი ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზეც, რის გამოც მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
მის წინააღმდეგ ასევე მიმდინარეობდა საქმე „მტკვარი ჰესთან“ დაკავშირებით. ბაჩიაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220¹ მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

